„ბორჯღალოსნები“ ოქტომბერში შოტლანდიასთან ითამაშებენ
„ბორჯღალოსნები“ ოქტომბერში შოტლანდიასთან ითამაშებენ

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2020 წლის მიწურულს გასამართი „8 ერის“ მიღმა დარჩა, „ბორჯღალოსნები“ მაინც ჩაატარებენ მაღალი დონის ტესტ მატჩს.

როგორც შოტლანდიური გამოცემა „ოფსაიდლაინ“ (TheOffsideLine) წერს, „ნარშავები“ საქართველოს 24 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან – უელსთან „ექვსი ერის“ გადადებული მატჩის გამართვამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე.


ფაქტმა, რომ „ბორჯღალოსნები“ რვა გუნდიან ტურნირზე არ ითამაშებენ, რაგბის ბევრი ქომაგი დატოვა იმედგაცრუებული. ქართველების ნაცვლად, ტურნირზე „ექვსი ერის“ ქვეყნებთან ერთად ფიჯი და იაპონია იასპარეზებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, საფრანგეთის წინააღმდეგ შვიდ ნოემბერს ჩანიშნული დაპირისპირება არ შედგება. შესაბამისად, შოტლანდიასთან შეხვედრა, რომელიც ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა, საქართველოს ნაკრებისთვის ამ ეტაპზე ერთადერთი რეალური ტესტია. წყაროს ცნობით, თამაშს ედინბურგში მდებარე „მარიფილდის“ სტადიონი უმასპინძლებს.

სავარაუდოდ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 31 ოქტომბერს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ „რაგბი ევროპის ჩემპიონატი“-ს ბოლო ტურის მატჩს გამართავს. შეგახსენებთ, რომ სატურნირო თვალსაზრისით დაპირისპირებას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან გათამაშების ცხრილში „ბორჯღალოსნები“ მეტოქეთათვის მიუწვდომლები არიან.