სენსაცია საქართველოს თასზე - „სამტრედია“ მესამე ლიგის გუნდმა გააგდო
სენსაცია საქართველოს თასზე - „სამტრედია“ მესამე ლიგის გუნდმა გააგდო

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის მეორე სათამაშო დღეს მორიგი სენსაცია დაფიქსირდა.

ქობულეთის „ჩელე არენაზე“ ქედის „ბეთლემმა“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და 1:4 დამარცხდა. ქუთაისელებიდან დუბლი შეასრულა გიორგი ფანცულაიამ (60 და 72-ე წუთები), თითო გოლი გაიტანეს ზაზა ციცქიშვილმა (48 წუთი) და ანდრო გიორგაძემ (90+1), ქედელებიდან კი პრესტიჟის გოლი რეზო მაისაიას (89) ანგარიშზეა.

„კავკასიონი არენაზე“ „თელავმა“ თბილისის „მერანს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ანგარიში მე-15 წუთზე ანტონ თოლორდავამ გახსნა, საბოლოო ანგარიში კი 21-ე წუთზე ირაკლი რუხაძემ დააფიქსირა.

სენსაციური შედეგით კი თბილისში „სპაერის“ სტადიონზე გამართული შეხვედრა დასრულდა – მესამე ლიგის გუნდმა „თბილისი სითიმ“ ეროვნული ლიგის წარმომადგენელი „სამტრედია” 3:2 დაამარცხა. „თბილისი სიტი“ პირველივე ტაიმში 3:0 დაწინაურდა – ბექა ხოჯანაშვილმა დუბლი შეასრულა (5, 16), მესამედ კი სტუმართა კარი კობა ქებურიამ აიღო (41). მეორე ნახევარში დიეგო დისმა (49) და დავით თარგამაძემ (65) შეამცირეს, მაგრამ „სამტრედიამ“ მეტი ვერ მოახერხა. თამაში გუნდებმა 10-10 მოთამაშით დაასრულეს – „სამტრედიადანნიჯატ ყურბანოვი 87-ე წუთზე გააძევეს, ხოლო ორ წუთში მასპინძელთა მოთამაშე კობა ქებურიას წითელი ბარათი სათადარიგოთა სკამზე უჩვენეს.

​დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის დარჩენილი ორი მატჩი 21 სექტემბერს გაიმართება. გამორჩეულ ინტერესს იწვევს „მიხეილ მესხზე“ გასამართი შეხვედრა „საბურთალოსა“ და „დინამო თბილისს“ შორის – საბურთალოელებს მოედანზე ახალი მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე გაიყვანს. თბილისის „ლოკომოტივი” კი ივანწმინდაში საჩხერეს „ჩიხურას” ესტუმრება.

 

ორშაბათი, 21 სექტემბერი

საბურთალო – დინამო თბილისი

15:30 თბილისი – მიხეილ მესხი

ჩიხურა – ლოკომოტივი

15:30. ივანწმინდას სტადიონი

დატოვე კომენტარი