სენატორი ლინდსი გრემი - ზელენსკი ან უნდა გადადგეს და სხვა ვინმე გამოგზავნოს, ან უნდა შეიცვალოს, ის, რაც ოვალურ კაბინეტში ვნახე, უპატივცემულობა იყო
სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ ზელენსკი ან უნდა გადადგეს და სხვა ვინმე გამოგზავნოს, ვისთანაც აშშ საქმიანობის გაგრძელებას შეძლებს, ან უნდა შეიცვალოს. ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.
ლინდსი გრემის შეფასებით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა ოვალურ კაბინეტში „სრული კატასტროფა“ იყო.
„სრული, აბსოლუტური კატასტროფა. ომის დაწყებიდან რვა თუ ცხრაჯერ ვიყავი უკრაინაში. მე მესმის უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ქმედებების შედეგები. ვაფასებ იმას, რაც უკრაინელმა ხალხმა გააკეთა. ვეფხვებივით იბრძოდნენ. დღის ბოლოს იმედი მქონდა, რომ მინერალების ეს გარიგება, რომელიც ურთიერთობაში გარდამტეხი იქნებოდა, კარგად ჩაივლიდა. დღეს დილით ველაპარაკე ზელენსკის. პრეზიდენტი ტრამპი წუხელ ღამით ძალიან კარგ გუნებაზე იყო. ვიღაცამ მკითხა, მრცხვენია თუ არა ტრამპის გამო? მე არასდროს ვყოფილვარ ასეთი ამაყი პრეზიდენტით. მე ძალიან ვამაყობდი, როგორ იცავდა ჯეი დი ვენსი ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვინდა, ვიყოთ დამხმარე. ის, რაც ოვალურ კაბინეტში დავინახე, უპატივცემულობა იყო და არ ვიცი, შევძლებთ თუ არა ოდესმე ისევ ზელენსკისთან საქმის კეთებას“, – განაცხადა ლინდსი გრემმა.
როგორც სენატორმა აღნიშნა, ის, თუ როგორ დაუპირისპირდა ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, ზღვარგადასული იყო. „ვფიქრობ, ურთიერთობები უკრაინასა და ამერიკას შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა შეუძლია ზელენსკის აშშ-სთან გარიგება? მას შემდეგ, რაც დღეს ვიხილე, აღარ ვიცი“ , – თქვა ლინდსი გრემმა.
თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა. ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.