სენატორებმა, ჯინ შაჰინმა და კრის კუნსმა SpaceX-სგან „სტარლინკისა“ და „სტარშილდის“ უკრაინაში მუშაობასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარდგენა მოითხოვეს

11:28, 14.11.2026

დემოკრატმა სენატორებმა SpaceX-სგან „სტარლინკისა“ და „სტარშილდის“ უკრაინაში მუშაობასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარდგენა მოითხოვეს.

დემოკრატმა სენატორებმა, ჯინ შაჰინმა და კრის კუნსმა, კომპანია დამფუძნებელს, ილონ მასკს მოუწოდეს, შეინახოს ყველა დოკუმენტი და მიმოწერა, რომელიც კომპანია SpaceX-ის მიერ უკრაინისთვის „სტარლინკისა“ და „სტარშილდის“ სატელიტური სერვისების გამოყენებაზე დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება.

„ოქტომბერსა და ნოემბერში დაწესებული შეზღუდვები შემაშფოთებელ ეჭვს აჩენს, რომ მსგავსი მოწყვლადობა იმ სისტემებშიც შეიძლება, არსებობდეს, რომლებსაც აშშ-ის მთავრობა ეყრდნობა“, – ნათქვამია სენატორების მიერ ილონ მასკისთვის გაგზავნილ წერილში.

ჯინ შაჰინმა და კრის კუნსმა მასკს 30 ნოემბრამდე მისცეს ვადა, რათა წერილობით დაადასტუროს, რომ დოკუმენტაციის შესანარჩუნებლად ყველა საჭირო ზომა მიიღო.

სენატორებმა SpaceX-ისგან მოითხოვეს პირველი სექტემბრიდან დღემდე არსებული ყველა შესაბამისი ჩანაწერის წარდგენა, მათ შორის უკრაინაში „სტარლინკისა“ და „სტარშილდის“ მუშაობასთან დაკავშირებული მიმოწერა, ასევე ილონ მასკს, SpaceX-ის ხელმძღვანელობას, თეთრ სახლსა და პენტაგონს შორის კომუნიკაცია.

კანონმდებლების განცხადებით, სერვისების შეზღუდვა სერიოზულ კითხვებს აჩენს, რამდენად მიზანშეწონილია ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო სისტემების კონტროლი კერძო კომპანიის ხელში იყოს. მათ ასევე გააკრიტიკეს გადაწყვეტილებების მიღების გაუმჭვირვალე პროცესი.

მსგავსი