სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე მაიკ პომპეოს მხარი დაუჭირა
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ მაიკ პომპეოს კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
კომიტეტის წევრმა თერთმეტივე რესპუბლიკელმა ხმა პომპეოს სასარგებლოდ მისცა, წინააღმდეგი ცხრა დემოკრატი იყო, ერთმა დემოკრატმა კი, სენატის პროცედურული წესების მიხედვით, მხოლოდ დასწრება დაადასტურა.
აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერის, მიტჩ მაკკონელის თქმით, მან სენატში საკმარისი ხმები მოაგროვა, რათა ამ კვირაში პომპეოს კანდიდატურა სახელმწიფო მდივნის პოსტზე დამტკიცდეს. ამ შემთხვევაში კი პომპეო პარასკევს უკვე ნატო-ს სამიტს დაესწრება.
მაიკ პომპეო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის პოსტზე მისი 15-თვიანი მოღვაწეობის განმავლობაში ტრამპის ყველაზე სანდო მრჩეველი გახდა. ბოლო მოვლენების დროს მას ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის სამომავლო შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოებიც ანდეს, რის ფარგლებშიც პომპეო კიმ ჩენ ინს პირადად შეხვდა.
მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატები პომპეოს წარსულს ეჭვის თვალით უყურებენ და მისი ჰომოფობიური თუ ისლამოფობიური ძველი გამონათქვამების გამო წუხან, CIA-ს დირექტორს სულ მცირე სამი დემოკრატის მხარდაჭერა აქვს. ამას გარდა, არც ერთ რესპუბლიკელ სენატორს მის წინააღმდეგ პოზიცია საჯაროდ არ დაუფიქსირებია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ, დიდი ალბათობით, მალე პომპეო აშშ-ის მთავარი დიპლომატი გახდება.