სენაკში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა, სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
სენაკში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა, სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა პრობლემები შექმნა სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში. ძლიერი წვიმისგან წარმოქმნილმა წყალდიდობამ განსაკუთრებით სენაკის მუნიციპალიტეტი დააზარალა.

წყალმოვარდნების შედეგად სენაკის ცენტრში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. წყალმა შეაღწია საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც. საჭირო გახდა რამდენიმე ოჯახის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. უხვმა ნალექმა სენაკის მუნიციპალიტეტში ხიდები და შიდა გზებიც დააზიანა. რამდენიმე სოფელში დატბორილია სავარგულები, საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია ავეჯი და ტექნიკა. ადგილზე მუშაობენ მუნიციპალური და სამაშველო სამსახურები.

სტიქიის ზონაში ამ წუთებში იმყოფება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია. სენაკის კეთილმოწყობის სამსახური გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. ზარალის დამთვლელი კომისია სენაკში დილიდან დაიწყებს მუშაობას.

ძლიერმა წვიმებმა სენაკთან ერთად პრობლემები შექმნა ზუგდიდის, ფოთის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში.