სენაკში ჟიული შარტავას 75 წლის იუბილე აღნიშნეს
სენაკში ჟიული შარტავას 75 წლის იუბილე აღნიშნეს

სენაკში საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად ღონისძიებები გაიმართა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ, სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ და სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი ბიუსტი გვირგვინით შეამკეს.

წმინდა იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარში ჟიულის შარტავასა და აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა, ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის საკონცერტო დარბაზში კი, მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ჟიული შარტავა 1944 წლის 7 მარტს ქალაქ სენაკში დაიბადა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1980-იან წლებში იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს წევრი. 1992 წლიდან – საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის ივნისში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებით დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ. 1993 წლის 27 სექტემბერს უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რომლის დროსაც ტყვედ აიყვანეს და 1993 წლის 27 სექტემბერს თანამებრძოლებთან ერთად დახვრიტეს.

სიკვდილის შემდეგ ჟიული შარტავას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.