სენაკის სამხედრო ბაზაზე საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლების Agile Spirit 2018-ის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა
სენაკის სამხედრო ბაზაზე საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლების Agile Spirit 2018-ის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა

სენაკის სამხედრო ბაზაზე საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლების Agile Spirit 2018-ის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით გაიხსნა, რის შემდეგაც წუთიერი დუმილით პატივს მიაგეს საბრძოლო მოქმედებებში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას.

საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება Agile Spirit 2018 საქართველოში მერვედ იმართება. ის პირველ სექტემბერს დაიწყო და 11 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სამეთაურო-საშტაბო სწავლება კომპიუტერული სიმულაციური სისტემების (JCATS/MTWS) მხარდაჭერით, ძალების მიზიდვის გარეშე განხორციელდება. სწავლებას მხარს დაუჭერს „ნატო-საქართველოს შეფასების ერთობლივი ცენტრი“ (JTEC), სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობა, სპეციალური ოპერაციების ძალები, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვა.

სწავლების სცენარი ემყარება თავდაცვა, შეტევისა და სტაბილურობის ოპერაციებს. 2017 წელთან შედარებით, სადაც ნატოს წევრი და პარტნიორი 7 ქვეყანა იყო წარმოდგენილი, წლევანდელ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 10 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას (237 სამხედრო მოსამსახურე). ესენია: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, ლატვია, საბერძნეთი, უკრაინა, თურქეთი, ჩეხეთი, ესტონეთი.

Agile Spirit 2018-ის მიზანია NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნის მიზნით ბრიგადის დონეზე სამეთაურო-საშტაბო სწავლების დაგეგმვა და ჩატარება. ურთიერთთავსებადობის დახვეწა, სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფებისა და სამეთაურო რგოლის ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესება, ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს, რეალურ დროში და მრავალეროვნულ გარემოში.

საერთაშორისო სამეთაურო საშტაბო სწავლების დაწყებას დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, აშშ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი, სამხედრო ატაშეები.