სემი რადრადრა - ფიჯის ნაკრების მთავარი მიზანი მსოფლიო თასის მოგებაა #1TVSPORT
ფიჯის ნაკრებმა 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე პირველი სენსაცია შემოგვთავაზა. საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ ავსტრალია 22:15 დაამარცხა და ჯგუფში სიტუაცია ძალიან დაძაბა.
1954 წლის შემდეგ ფიჯელებისთვის ეს პირველი გამარჯვება იყო ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ და მათ აქვთ შანსი, 2007 წლის შემდეგ პირველად გავიდნენ მსოფლიო თასის მეოთხედფინალში. მაშინაც პლანეტის პირველობას საფრანგეთი მასპინძლობდა.
ისტორიული შედეგის დაფიქსირების შემდეგ ფიჯის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, სემი რადრადრამ განაცხადა, რომ გუნდის მიზანი მსოფლიო თასის მოგებაა.
„განსაკუთრებული რაღაც შევძელით. ასეთი დონის თამაშის მოგება ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ოცნება იყო. ახლა შემდეგ მატჩზე უნდა ვკონცენტრირდეთ, რომელიც ორ კვირაში გველის.
გასულ ტურში უელსთან მარცხი უმძიმესი იყო, თუმცა შეცდომები გავაანალიზეთ. ვიცით, რა შეგვიძლია, დასამტკიცებელი ჯერ კიდევ ბევრია.
შეუძლებელია არაფერია, ფიჯის ნაკრების მიზანი მსოფლიო თასის მოგებაა“, – განაცხადა რადრადრამ.
ფიჯი მომდევნო შეხვედრას 30 სექტემბერს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი ბორდოში გაიმართება და თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება. მანამდე „ბორჯღალოსნები“ პორტუგალიას შეხვდებიან, თამაში 23 სექტემბერს, 16:00 საათზეა ჩანიშნული. რაგბის მსოფლიო თასის ყველა რეპორტაჟის ხილვა საქართველოს პირველ არხსა და ტელესკოლაზეა შესაძლებელი.