სემეკი - „თელმიკოსა“ და „თელასს“ აბონენტებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების დაკორექტირება დაევალა
სემეკი - „თელმიკოსა“ და „თელასს“ აბონენტებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების დაკორექტირება დაევალა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანია „თელმიკოს“ და სს „თელასს“ მომხმარებლებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების დაკორექტირება დაავალა.

ონფორმაციას სემეკ-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთი თვის ვადაში კომპანიებმა სემეკ-ში უნდა წარადგინონ დარიცხვების გადაანგარიშების თაობაზე ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია კვლავ იმსჯელებს კანონით გათვალისწინებულ სანქციებზე.

„კომისიის გადაწყვეტილებით, სს „თელასისა“ და შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ მიერ 2021 წლის ივნისსა და ივლისში აბონენტებზე განხორციელებული დარიცხვები მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ, გარდა იმ დარიცხვებისა, რომელთა კორექტირება უკვე განხორციელდა. კომპანიებს დაევალათ, აბონენტებზე დარიცხვები განახორციელონ მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისი საფეხურის ტარიფით, ასევე უნდა უზრუნველყონ გადაანგარიშების შედეგად მომხმარებლების მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის ასახვა მათ სააბონენტო ბარათებზე.

სემეკი მოუწოდებს სს „თელასისა“ და შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ აბონენტებს, კომპანიების მხრიდან მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ კომისიას ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს ქოლ ცენტრის ნომერზე – 16 216“, – ნათქვამია ინფორმაციაში.