სემეკი - კომპანია „თელმიკოს“ მიერ ზედმეტობით დარიცხული თანხები დაკორექტირდება
სემეკი - კომპანია „თელმიკოს“ მიერ ზედმეტობით დარიცხული თანხები დაკორექტირდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, მათ არაერთმა მოქალაქემ მიმართა, რომლებმაც მოითხოვეს, რომ თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის, „თელმიკოს“ მიერ ივლისში აბონენტებზე დარიცხული გადასახადი სემეკ-ს შეესწავლა.

კომისიაში კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ გაზრდილა.

„სემეკ-ში დაიწყო საკითხის აქტიური მოკვლევა და ზედმეტობით დარიცხული თანხების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს დაუკორექტირდებათ გადასახადი. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეებმა უკვე გადაიხადეს ზედმეტობით დარიცხული გადასახადი, დაკორექტირებული თანხა აისახება მათ სააბონენტო ბარათზე. კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია კომპანიის მიერ მოქალაქეებზე გადასახადის ზედმეტობით დარიცხვა. მოკვლევის შედეგად ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, სემეკი კომპანიის მიმართ იმოქმედებს მკაცრი, კანონშესაბამისი ზომებით. აქვე, კომისია „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას“ მოუწოდებს, გადაამოწმოს აბონენტებზე დარიცხული თანხების სისწორე“, – აცხადებენ სემეკ-ში.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მოუწოდებს მოქალაქეებს, დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ სემეკ-ს ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან).

ასევე, კომისიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეებს სემეკ-თან დაკავშირება შეუძლიათ სოციალურ ქსელში – www.facebook.com/gnerc.