სემეკი - აპრილის კომუნალურ შეღავათზე უარის დაფიქსირების ვადა დღეს იწურება
სემეკი - აპრილის კომუნალურ შეღავათზე უარის დაფიქსირების ვადა დღეს იწურება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) აცხადებს, რომ აპრილის კომუნალურ შეღავათზე უარის დაფიქსირების ბოლო ვადაა 2020 წლის 11 მაისი.

შესაბამისად მოქალაქეებმა, რომლებსაც სურთ, სოლიდარობის ნიშნად არ ისარგებლონ ხელისუფლების მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათებით, უნდა გაითვალისწინონ, რომ აპრილის გადასახადის შემთხვევაში, ეს ვადა დღეს სრულდება.

სემეკ-ის ვებგვერდზე მოქმედებს პლატფორმა (www.gnerc.org/ge/covid-19), სადაც საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება შეუძლიათ იმ მოქალაქეებს, რომლებზეც ვრცელდება მთავრობის სუბსიდია კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით, თუმცა მათ სურთ, სოლიდარობის ნიშნად, არ ისარგებლონ შეღავათით.

საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, კომუნალური შეღავათები ეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი,მაისი) ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტ.სთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში – 200 კუბურ მეტრს.

11 მაისის ჩათვლით, სემეკ-ის ვებგვერდზე განთავსებული პლატფორმის საშუალებით, მოქალაქეებს შეუძლიათ უარის დაფიქსირება აპრილისა და მაისის კომუნალურ შეღავათებზე როგორც ცალ-ცალკე, ასევე ორივე თვეზე ერთიანად. ხვალიდან მოქალაქეებს უარის დაფიქსირება მხოლოდ მაისის კომუნალურ შეღავათებზე შეეძლებათ.