სემეკ-ში წყლის მიმწოდებელი კომპანიებისთვის ტარიფების დადგენაზე მსჯელობენ
სემეკ-ში წყლის მიმწოდებელი კომპანიებისთვის ტარიფების დადგენაზე მსჯელობენ

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში წყლის მიმწოდებელი კომპანიებისთვის ტარიფების დადგენის თაობაზე სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას GWP-ის, მცხეთის წყლისა და რუსთავის წყლის წარმომადგენლები ესწრებიან.

სემეკ-ის წევრის, გოჩა შონიას განცხადებით, კომისია დღეს სამი კომპანიის: GWP-ის, „რუსთავის წყლის“ და „მცხეთის წყლის“ სატარიფო განაცხადებს.

მისივე თქმით, ამ კომპანიებმა სატარიფო განაცხადები ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში შეიტანეს, შესაბამისად, ტარიფების დეპარტამენტმა უკვე დაასრულა მუშაობა აღნიშნულ დოკუმენტზე, ჩაატარა დეტალური აუდიტი ამ სატარიფო განაცხადების და დღეს უკვე წარადგენს კომისიის სხდომაზე თავისუფალი მოსაზრებებს.

„თვითონ სატარიფო განაცხადის მიხედვით კომპანიას ჰქონდა გარკვეული განაკვეთები მოთხოვნილი, თუმცა მოთხოვნა ერთია და რეალურად რას გვიჩვენებს ფინანსური და ტექნიკური დოკუმენტაცია, ეს არის მეორე. მოგეხსენებათ, კომისია ახდენს მარეგულირებელ აუდიტს და ის ცხრილავს გარკვეულწილად იმ ხარჯებს, რომელსაც არ თვლის გონივრულად, შესაბამისად კომპანიის მოთხოვნა რჩება მოთხოვნად და კომისია დაადგენს იმ ტარიფს, რომელიც არის გონივრული”, – განაცხადა სემეკ-ის წევრმა გოჩა შონიამ.

ამჟამად დედაქალაქში, რომელსაც GWP ამარაგებს სასმელი წყლით, წყლის ტარიფების გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის 1 კუბურ მეტრზე 0.266 ლარს შეადგენს, გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის – 3.147 ლარს, ხოლო არასაყოფაცხოვრებო ტარიფების კუბურ მეტრზე 4.400 ლარია.

რაც შეეხება “მცხეთის წყალს”, აქ გამრიცხველიანებული ტარიფი 0.405 ლარია, გაუმრიცხველიანებელი (სულზე) 2.070 ლარი, ხოლო არასაყოფაცხოვრებო- 2.695 ლარია.

წყლის ტარიფი კომპანია “რუსთავის წყალის”-თვის ასეთია: გამრიცხველიანებული – 0.204 ლარი, გაუმრიცხველიანებელი – 2.399 ლარი, ხოლო არასაყოფაცხოვრებო – 4.400 ლარი.