სემეკ-ში „ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის“ წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირება მოხდა 
სემეკ-ში „ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის“ წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირება მოხდა 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიაში ცოტა ხნის წინ ხმაური იყო.

„ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის“ წარმომადგენლები სხდომაზე დასწრებას მოითხოვდნენ, რისი უფლებაც მათ პანდემიის გამო, სემეკ-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა არ მისცა. მათ შეეძლოთ, სხდომისთვის თვალყური ედევნებინათ ონლაინ, შენობის შესასვლელში დამონტაჟებული ტელევიზორის საშუალებით, ამასთან, უნდოდათ, სიტყვით გამოსულიყვნენ და ამის საშუალება არ მიეცათ, რის შემდეგაც მათსა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.

„ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის“ წარმომადგენლებს სხდომაზე ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით სურდათ საკითხის დაყენება, ოფიციალური დღის წესრიგის მიხედვით კი, დღევანდელ სხდომაზე არა დენის, არამედ ბუნებრივი აირის ტარიფის ცვლილების საკითხი განიხილება.

„ზოგადად, ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით გვაქვს პროტესტიც, კითხვებიც და მოთხოვნებიც, რომ ასეთი სოციალური გაჭირვების ფონზე, ტარიფის გაზრდა არ შეიძლება. კონფლიქტი იმას მოჰყვა, რომ სხდომაზე დასწრება არის საჯარო, შიგნით არ შეგვიშვეს პანდემიის გამო. გვითხრეს, ფოიეში მოიცადეთ, ონლაინში გადმოსცემენ და კითხვის დასმის საშუალება გექნებათო, მაგრამ მიკროფონს არ გვირთავენ. მოვითხოვთ, აღასრულონ ჩვენი უფლება, რომ კითხვის დასმის საშუალება გვქონდეს. ოფიციალურად, დღევანდელი სხდომის დღის წესრიგი იყო ორი პუნქტი, რომელიც მოიაზრებდა ელექტროენერგიაზე ტარიფის მომატებას. ძალიან მოხარული ვარ, თუ უკან დაიხია დავით ნარმანიამ, თუკი აცხადებს, რომ არ აპირებენ ამ საკითხების განხილვას საერთოდ. ე.ი. ჩვენმა აქტივობამ შედეგი გამოიღო და რადგან ტელევიზიებით გაშუქდა ეს ამბავი, სავარაუდოდ, აღარ შეეცდებიან წინასაარჩევნოდ დენის ტარიფების გაძვირებას. მაგრამ არჩევნები გადაივლის თუ არა, ესენი გაზრდიან დენის ტარიფებს, რადგან ხელოვნურად გაყვეს „თელასის“ კომპანია, შეიტანეს საკუთარი კორუფციული ინტერესებიც. მათ შორის არის ხვიჩა მაქაცარია, ბიზნესმენი, კახა კალაძის მეგობარი, რომელიც ფლობს ამ ახალ კომპანიას“, – განაცხადა აქტივისტმა მიხეილ ქუმსიშვილმა.

როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სემეკ-ის შენობაში ამ დროისთვის სიმშვიდეა და „ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის“ წარმომადგენლები სხდომის დასრულებას ელოდებიან.