სემეკ-ში განმარტავენ, რომ „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მაისში მოხმარებული გაზის საფასური ძველი ტარიფით დაანგარიშდება
სემეკ-ში განმარტავენ, რომ „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მაისში მოხმარებული გაზის საფასური ძველი ტარიფით დაანგარიშდება

„თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მაისში მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დაანგარიშება მოხდება მაისში მოქმედი ტარიფით, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სემეკ-ში განუცხადეს.

სემეკ-ი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ნებისმიერი გაურკვევლობის შემთხვევაში, მომართონ კომისიას ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს ქოლ-ცენტრს.

„არსებული რეგულაციების შესაბამისად, კომპანია ვალდებულია, ბუნებრივი გაზის მრიცხველის წაკითხვა და, შესაბამისად, მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვა განახორციელოს ყოველთვიურად, თვეში ერთხელ. კომპანია მრიცხველის წაკითხვას ახორციელებს მის მიერ განსაზღვრული აღრიცხვის ბლოკების შესაბამისად, (მაგალითად: 5 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით). იმ შემთხვევაში, როდესაც მრიცხველის წაკითხვის თარიღი არ მოიცავს ბუნებრივი გაზის მხოლოდ ახალი ტარიფის ამოქმედების პერიოდს, კომპანია ვალდებულია, დარიცხვა განახორციელოს დღეების პროპორციულად, ორ პერიოდად, – ახალი ტარიფის ამოქმედებამდე პერიოდი და ამოქმედების შემდეგ პერიოდი. სემეკ-ი მოუწოდებს მოქალაქეებს,  ნებისმიერი გაურკვევლობის შემთხვევაში, მომართონ კომისიას ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს ქოლ-ცენტრის ნომერზე  – 16 216, ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან. ასევე, სემეკ-თან დაკავშირება შესაძლებელია Facebook-ზე კომისიის ოფიციალური გვერდის საშუალებითაც“, – აცხადებენ სემეკ-ში.

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, „თბილისი ენერჯის“ აბონენტებისთვის გაზის ახალი ტარიფი პირველი ივნისიდან შევიდა ძალაში. აბონენტების ერთ კუბურ მეტრში, 46,138 თეთრის ნაცვლად, 53,972-ის გადახდა მოუწევთ დღგ-ის ჩათვლით. ახალი ტარიფი 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.