სემეკი - შარშან მოქალაქეების სასარგებლოდ ჩამოწერილმა თანხამ და გაცემული კომპენსაციების ოდენობამ 3 მლნ ლარს გადააჭარბა
სემეკი - შარშან მოქალაქეების სასარგებლოდ ჩამოწერილმა თანხამ და გაცემული კომპენსაციების ოდენობამ 3 მლნ ლარს გადააჭარბა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) რეგულაციების საფუძველზე, 2018 წელს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქალაქეების სასარგებლოდ ჩამოწერილმა და კომპანიების მიერ მოქალაქეებზე გაცემული კომპენსაციების ჯამურმა ოდენობამ 3 474 364 ლარი შეადგინა.

სემეკ-ის ინფორმაცით, 2018 წლის განმავლობაში კომისიამ  116 საჯარო სხდომა გამართა და  2469 საკითხი განიხილა. მათ შორის, 891 საკითხი მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებს ეხებოდა. უშუალოდ საჯარო სხდომებზე განხილვის შედეგად კომისიის გადაწყვეტილებებით ჩამოწერილი თანხების ჯამურმა ოდენობამ 2 მილიონ ლარს გადააჭარბა.

„ელექტრონული ჟურნალის“, იგივე მომსახურების კომერციული ხარისხის მონიტორინგის სისტემის მონაცემების შესაბამისად, 2018 წლის განმავლობაში კომპანიების მიერ მომხმარებლებზე გაცემული კომპენსაციების ჯამური ოდენობა 1 269 845 ლარია.  მათ შორის, ელექტროენერგეტიკის სექტორში – 248 040 ლარი; ბუნებრივი გაზის სექტორში – 125 910 ლარი, წყალმომარაგების სექტორში – 895 895 ლარი.

სემეკ-ი განმარტავს, რომ „ელექტრონული ჟურნალი“ ინოვაციური პროგრამაა, რომლის საშუალებით პირდაპირი დროის რეჟიმში ხორციელდება მონიტორინგი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების მიერ მომსახურების კომერციული ხარისხის სტანდარტების შესრულებაზე. დარღვევის შემთხვევაში,  კომპანიას აბონენტისთვის კომპენსაციის დარიცხვის ვალდებულება ეკისრება.

ამასთან, როგორც უწყებაში განმარტავენ, წელს სემეკ-ი  მომსახურების ხარისხის სტანდარტების დახვეწაზე მუშაობას აგრძელებს, ასევე მოქალაქეებს შეახსენებს, რომ თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკ-ს ან სემეკ-თან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.