სემეკ-მა „საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟასა“ და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაზე“ ბაზრის ოპერირების ლიცენზია გასცა
სემეკ-მა „საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟასა“ და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაზე“ ბაზრის ოპერირების ლიცენზია გასცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ სახელზე ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების ლიცენზია გასცა.

სალიცენზიო პირობების შესაბამისად, სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“ უზრუნველყოფს ელექტროენერგიის დღიური და დღით ადრე ბაზრების ორგანიზებას, ელექტროენერგიით ვაჭრობას შიდა ბაზარზე, ასევე მეზობელ ორგანიზებულ ბაზრებთან დაკავშირებასა და ინტეგრაციას.

სემეკ-ის ინფორმაციით, ლიცენზიის ფარგლებში „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“ ჩამოაყალიბებს გამჭვირვალე, ხელმისაწვდომ და საიმედო ერთიანი ფინანსური ანგარიშსწორების სისტემას დღით ადრე, დღიური, საბალანსო, დამხმარე მომსახურებების ბაზრებისა და უბალანსობისთვის.

გარდა ამისა, სემეკ-მა ლიცენზია გასცა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) სახელზეც ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირების მიზნით. სალიცენზიო პირობების შესაბამისად, სსე უზრუნველყოფს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირებას, ელექტროენერგიის საბალანსო მექანიზმების, შესაბამისი პროდუქტების განსაზღვრას და უბალანსობის საფასურის გაანგარიშებას.

კომისია განმარტავს, რომ სს„საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟასა“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაზე“ ლიცენზიების გაცემის საფუძველია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე სემეკ-ის მიერ დამტკიცებული „ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესი“, რომელიც სრულად ითვალისწინებს ევროპულ დირექტივებს.