სემეკ-მა მოქალაქეებს იანვარში 100 000 ლარზე მეტი ჩამოაწერა  
სემეკ-მა მოქალაქეებს იანვარში 100 000 ლარზე მეტი ჩამოაწერა  

იანვრის თვეში სემეკ-ის საჯარო სხდომებზე 200-ზე მეტი დავა იქნა განხილული. კომისიის გადაწყვეტილებებით ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 101 207 ლარი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2018 წლის იანვარში ცხრა საჯარო სხდომა გამართა.

სემეკ-ის ცნობით, სხდომებზე განსახილველი საკითხების უმეტესობა შეეხებოდა ფიზიკურ, იურიდიულ პირებსა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის არსებულ დავებს. საჯარო სხდომებზე განსახილველი საკითხები წარმოადგინეს კომისიის მოქალაქეთა საჩივრების დეპარტამენტმა და ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა.

კომისიის ინფორმაციით, იანვრის თვეში საჯარო სხდომებზე 200-ზე მეტი დავა იქნა განხილული.

„მოქალაქეთა საჩივრები მოიცავდა ხანდაზმულ დავალიანებებს, კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, მრიცხველის საფასურს, კომპანიის დადგენილებებს აბონენტთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებებით ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 101 207 ლარი შეადგინა.

კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ კომისიას ან კომისიასთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 16 216, ასევე კომისიის Facebook გვერდზეც“, – ნათქვამია სემეკ-ის განცხადებაში.