სემეკ-მა მოქალაქეებს 270 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებებით, პირველ კვარტალში მოქალაქეთა სასარგებლოდ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ ჯამში 278 050 ლარი შეადგინა. ინფორმაციას სემეკ-ი ავრცელებს.
„იანვარში, თებერვალსა და მარტში სემეკ-მა 24 საჯარო სხდომა გამართა და დღის წესრიგებით გათვალისწინებული 783 საკითხი განიხილა. მათი უმეტესობა შეეხებოდა მოქალაქეებსა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის არსებულ დავებს. მოქალაქეთა საჩივრები კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, მრიცხველის საფასურს, კომპანიების დადგენილებებს მოქალაქეთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე.
საჯარო სხდომებზე განსახილველად საკითხები წარადგინეს სემეკ-ის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა და ენერგოომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენლებმა“, – აღნიშნულია სემეკ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკ-ს ან სემეკ-თან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.