სემეკ-მა მცირე ზომის გაზგამანაწილებელი კომპანიების ტარიფებიც დაადგინა
სემეკ-მა მცირე ზომის გაზგამანაწილებელი კომპანიების ტარიფებიც დაადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღევანდელ სხდომაზე მცირე ზომის გაზგამანაწილებელი კომპანიების გაზის ტარიფებიც დაადგინა.

შპს „ვარკეთილაირის“ 2020-2022 წლების სამომხმარებლო ტარიფია 48.678 თეთრი კუბურ მეტრ გაზზე. ტარიფი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით. 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფი კი, კუბურ მეტრზე 48.690 თეთრს შეადგენს. ამ კომპანიისთვის რეგულირებადი მიწოდების ზღვრულმა ტარიფმა შეადგინა 28.355 თეთრი, განაწილების საქმიანობის ტარიფმა -11.002 თეთრი, ხოლო ტრანსპორტირების ტარიფი 1.895 თეთრით განისაზღვრა.

სს „ენერგოკავშირის“ 2020-2022 წლების სამომხმარებლო ტარიფი კუბურ მეტრზე 49.444 თეთრით განისაზღვრა, დღგ-ს ჩათვლით. კომპანიისთვის დადგინდა რეგულირებადი მიწოდების ზღვრული ტარიფი 28.761 თეთრის ოდენობით.

ამასთან, სს „საჩხერეგაზის“ 2020-2022 წლების სამომხმარებლო ტარიფია კუბურ მეტრზე 51.415 თეთრი, დღგ-ს ჩათვლით; შპს „ტაბას“ 2020-2022 წლების სამომხმარებლო ტარიფი განისაზღვრა კუბურ მეტრზე 57.584 თეთრით, დღგ-ს ჩათვლით; შპს „არზუგაზის“ 2020-2022 წლების სამომხმარებლო ტარიფი კი, არის კუბურ მეტრზე 55.362 თეთრი. აღნიშნული ტარიფიც მოცემულია დღგ-ს ჩათვლით.

ამასთან, სემეკ-ის გადაწყვეტილებით, თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ სამომხმარებლო ტარიფი 0.002 თეთრით, 46.137 თეთრამდე მცირდება. ტარიფი 2020-2022 წლებში იმოქმედებს.