სემეკ-მა ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედ კოპანიებს 2018-2020 წლის საინვესტიციო გეგმები დაუმტკიცა
სემეკ-მა ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედ კოპანიებს 2018-2020 წლის საინვესტიციო გეგმები დაუმტკიცა

თითქმის ხუთ საათიანი სხდომის განხილვის შემდეგ, სემეკ-მა ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი 13 კომპანიის საინვესტიციო გეგმის მოსმენა დაასრულა.

როგორც “პირველი არხის” კორესპონდენტი იუწყება, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ ყველა გეგმა დაამტკიცა.

ამასთან მხოლოდ “ენერგო-პრო ჯორჯიას” პროექტის შემთხვევაში დამტკიცდა გენერაციის ნაწილი, განაწილება კი გადაიდო.

სემეკ-ის თავმჯდომარის, ირინა მილორავას თქმით, გადადებული საკითხის განხილვა 14 დეკემბერს გაგრძელდება.

“დღეს სრულად გავიარეთ გადაცემის ლიცენზიანტების მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმები. ჯამში გადაცემის 3 ლიცენზიანტის მიერ წარმოდგენილმა საინვესტიციო გეგმებმა 2020 წლის ჩათვლით 600 მილიონი შეადგინა, აქედან ყველაზე დიდი ნაწილი მოდის საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემაზე. ასევე განვიხილეთ გენერაციის 7 ობიექტის საინვესტიციო გეგმები. ჯამში, შეთანხმებული ინვესტიციები 175 მილიონ ლარს შეადგენს”, – აღნიშნა სემეკ-ის თავმჯდომარემ.

 

რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, ეს არის “ ენერგო-პრო ჯორჯიას” საკითხი.  ირინა მილორავას თქმით, პრაქტიკულად ყველა საკითხი შეთანხმებულია და დარჩა მხოლოდ ერთი საკითხი.

“საკითხი ეხებოდა დაბალი ძაბვის გამანაწილებელ ქსელში ინვესტიციების საკითხს. ეს არის 2018 წელს 7 მილიონი ლარის ინვესტიცია, ხოლო 2020 წელს ინვესტიციის ოდენობა 12 მილიონი ლარი იქნება. “ენერგო-პრო ჯორჯიამ” არ წარმოადგინა დეტალური პროექტები ამ ინვესტიციებთან დაკავშირებით, ბუნებრივია მაღალი ძაბვის ქსელში ეს ინვესტიციები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ამიტომ ჩვენ კომპანიას ვადა 14 დეკემბრამდე მივეცით“, – აღნიშნა ირინა მილორავამ.

მისივე განცხადებით, 14 დეკემბრის სხდომაზე ასევე განიხილება წყალმომარაგების 3 ლიცენზიანტის: “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის”,  მცხეთის წყლისა და რუსთავის წყლის საინვესტიციო გეგმები.