სემეკ-ის სპეციალური სამუშაო ჯგუფი „თელმიკოსა“ და „თელასს“ შეამოწმებს
სემეკ-ის სპეციალური სამუშაო ჯგუფი „თელმიკოსა“ და „თელასს“ შეამოწმებს

მოქალაქეთა საჩივრების გამო, სემეკ-ის სპეციალური სამუშაო ჯგუფი „თელმიკოსა“ და „თელასს“ შეამოწმებს, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის​ წევრმა გიორგი ფანგანმა კომპანიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალ გაიმართება კომისიის სხდომა, რომელზეც დაჩქარებული წესით განიხილავენ საკითხს, ხოლო შემდეგი კვირიდან, ფანგანის განცხადებით, კომპანიებში შემოწმების პროცესი დაიწყება.

„საუბარია დეკემბრისა და იანვრის დარიცხვებზე, სადაც მოქალაქეები აფიქსირებენ პოზიციას, რომ მათ მიუვიდათ გაზრდილი გადასახადი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან შემოვიდა 100-მდე წერილობითი განცხადება და ჩვენ ვართ შესწავლის პროცესში, კამერალურად ჩავთვალეთ, რომ ეს არ არის საკმარისი, თუნდაც საზოგადოებრივი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მათ შორის იმ კითხვებიდან, რომლებიც ჩვენ თავად გაგვიჩნდა. ერთადერთი სწორი გზა იქნება, შევიდეთ კომპანიებში, ადგილზე გამოვითხოვოთ და ამოვიღოთ ყველა ინფორმაცია, რაც იქნება საჭირო, დოკუმენტაცია და უკვე ამ გზით დავადგინოთ სიმართლე, რა ხდება, რა ხარვეზებია და არის თუ არა პრობლემები, რაზეც მოქალაქეები მიუთითებენ. ხვალ სხდომაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, შემდეგი კვირიდან უკვე უშუალოდ დაიწყება შემოწმების პროცესი.

პირველ რიგში, უნდა დავადგინოთ, არის თუ არა დარღვევები და რა არის ამ დარღვევის მასშტაბი. სიფრთხილით ვეკიდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც ადგილი გვაქვს სისტემურ  დარღვევებთან, რადგან ეს ისეთი პრობლემაა, რომელიც მარტივი ჯარიმით შეიძლება, ვერ აღმოიფხვრას, ამიტომ რა თქმა უნდა, ყველა სცენარი განიხილება. ჩვენ გარკვეული ინფორმაცია უკვე გვაქვს. როგორც ვიცით, არ არის რაღაც სერიოზულ დარღვევებზე საუბარი, ეს ის ინფორმაციაა, რაც კომპანიებისგან მივიღეთ.  აბონენტების დაახლოებით 0,1 პროცენტის, „თელასისა“ და „თელმიკოს“ არეალში დაახლოებით 650 ათასი აბონენტია, გადამოწმების შედეგად, 700 შემთხვევაში დადგინდა გარკვეული შეცდომები, რომლებიც უკვე გასწორებულია. ეს ის მონაცემებია, რომლებიც გამოვითხოვენ კომპანიისგან, გადაამოწმეს საეჭვო დარიცხვები, დაახლოებით 50 ათასი დარიცხვა გადაიგზავნა, კონკრეტული აბონენტების სიები, თუ არ ვცდები 25 შემთხვევაში იყო ხარვეზი და გამოსწორდა. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, ეს არის მაინც მოწოდებული ინფორმაცია და ჩვენ გვინდა, უშუალოდ შევიდეთ, ამოვიღოთ ბილინგის ბაზები, დარიცხვები, შევისწავლოთ მთელი პროცედურები. ამასთან, გვინდა, რომ ეს უმოკლეს ვადებში მოხდეს.

700 შემთხვევაში იყო გარკვეული გადაცდომები, ძირითადად იყვნენ ფიზიკური პირები. აქ საუბარია, რომ მრიცხველის ჩვენება არ დაემთხვა ქვითარში მითითებულ ჩვენებას. 0,1 პროცენტი შეიძლება, დავარქვათ, რომ არ არის ისეთი კრიტიკული ზღვარი, თუმცა რასაც ვუყურებთ და ვკითხულობთ, გაცილებით მეტ ადამიანს აქვს პრეტენზია, ამიტომ უფრო მასშტაბური შესწავლა არის საჭირო“, – აღნიშნა ფანგანმა.

ამასთან, როგორც სემეკ-ის წევრმა ბრიფინგზე აღნიშნა, პარალელურად მიმდინარეობს სასმელი წყლის დარიცხვის საკითხის შესწავლაც. კერძოდ, მისივე თქმით, კომპანიაში ასევე შესულია მოქალაქეთა საჩივრები „ჯივიპისგან“ დარიცხული გაზრდილი გადასახადების შესახებ. გიორგი ფანგანის თქმით, თუ საჭირო გახდება, სპეციალური სამუშაო ჯგუფი „ჯივიპიშიც“ შევა და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, კომისია კანონმდებლობის მიხედვით იხელმძღვანელებს.