სემეკ-ის სხდომაზე ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დატოვეს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ-ი) რიგით 56-ე საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. მათ შორის, იმსჯელა ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ. სამომხმარებლო ტარიფები არ გაზრდილა და უცვლელი დარჩა.
ტარიფების გადახედვა წარმოადგენდა პროცედურულ საკითხს. შესაბამისად, ტარიფები უცვლელი დარჩა ელექტრომიმწოდებელი კომპანიებისთვის – „ეპ ჯორჯია მიწოდებისა“ და „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისთვის“ (თელმიკო).
პირველად დადგინდა სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისთვის“ ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის მომსახურების საფასური.
ასევე, კომისიამ ამავე სხდომაზე დაადგინა ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის მომსახურების ტარიფი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“. თუმცა, აღნიშნულმა გავლენა არ იქონია ელექტროენერგიის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფზე.