სემეკ-ი „თბილისი ენერჯის“ ტარიფს 25 დეკემბერს, „სოკარ ჯორჯიას“ კი, 27 დეკემბერს დაამტკიცებს
სემეკ-ი „თბილისი ენერჯის“ ტარიფს 25 დეკემბერს, „სოკარ ჯორჯიას“ კი, 27 დეკემბერს დაამტკიცებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკ) თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ სამომხმარებლო ტარიფს 25 დეკემბერს დაამტკიცებს, „სოკარ ჯორჯიას“, ასევე „საქორგგაზისა“ და „თელავგაზის“ კი, 27 დეკემბერს.

ტარიფების დადგენამდე კომისია კომპანიების საინვესტიციო გეგმებს ათანხმებს.

დღევანდელ საჯარო სხდომაზე სემეკ-მა „თბილისი ენერჯის“ 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმა შეათანხმა – 77 793 402 ლარი. კომპანია მომდევნო წლების განმავლობაში უზრუნველყოფს ამორტიზებული გაზსადენების რეაბილიტაციას, მრიცხველების გარეთ გამოტანას და ექსპლუატაციისთვის უვარგისი მრიცხველების შეცვლას. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია 2020 წელს 20 958 645 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, 2021 წელს – 17 470 548 ლარის ინვესტიციას, ხოლო 2022 წელს – 21 129 009 ლარის ინვესტიციას. ასევე დაზუსტდა შპს „თბილისი ენერჯის“ წლევანდელი საინვესტიციო გეგმა, რამაც 18 235 198 ლარი შეადგინა.