სემეკ-ი ნეტო-აღრიცხვის რეგულაციებში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებს
სემეკ-ი ნეტო-აღრიცხვის რეგულაციებში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ხვალინდელ საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებში განსახორციელებელ ცვლილებებს განიხილავს.

კომისიის ინფორმაციით, ცვლილებების მიხედვით ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული ერთი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა მომხმარებელთა ჯგუფებს შეეძლებათ.

„საქართველოს ენერგეტიკის სექტორში სემეკ-ის მიერ დანერგილი ნეტო-აღრიცხვის სისტემა საშუალებას იძლევა, მომხმარებელმა ელექტროენერგია გამოიმუშაოს საკუთარი მოხმარებისთვის განახლებადი ენერგიების – მზის, ქარის, წყლის, (მათ შორის ჩამდინარე წყალი) ენერგიების გამოყენებით. ნეტო-აღრიცხვის სისტემა იძლევა შესაძლებლობას, ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის შენახვა მოხდეს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში და არა ძვირადღირებულ აკუმულატორებში“, – აღნიშნავენ სემეკ-ში.

უწყება განმარტავს, რომ წესების შესაბამისად, განახლებად ენერგიებზე მომუშავე მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგური მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ადგილზე და მისი დადგმული სიმძლავრე 100 კილოვატს არ აღემატება.