სელიმ ჩაკირი - საქართველო კრიზისის შემდეგ შეიძლება, ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გახდეს, რადგან სტაბილურობის შენარჩუნება შეძლო
სელიმ ჩაკირი - საქართველო კრიზისის შემდეგ შეიძლება, ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გახდეს, რადგან სტაბილურობის შენარჩუნება შეძლო

საქართველოს, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქმე უკეთესად აქვს. კრიზისის შემდეგ ის შეიძლება, ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ადგილი გახდეს, რადგან სტაბილურობის შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა, სელიმ ჩაკირმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ინტერვიუში საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციებისაგან მოზიდული სამი მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტი განიხილეს.

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელის მოსაზრებით, ასეთი დიდი დახმარების მიღება საქართველოს მთავრობის სწორი მიდგომის დამსახურებაა და ის საკმარისზე მეტიც კია მიმდინარე პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევისთვის. სელიმ ჩაკირი მიიჩნევს, რომ მთავრობა ჯერჯერობით სწორ ნაბიჯებს დგამს და ზოგადად ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებისთვის კარგად არის მომზადებული.

„ვფიქრობ, ახლა ყველაზე მთავარი საკითხი არის ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერა. პანდემიასთან გამკლავების, ვირუსის პრევენციისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის დაცვის პარალელურად ვთანხმდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის კრიზისის შემდგომი აღდგენა. მთავრობამ სწორი ნაბიჯები გადადგა მითითებების მიხედვით და ჯერჯერობით ძალიან ეფექტურად ებრძვის ვირუსის აფეთქებას. ასევე მოიპოვა ძალიან კარგი მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოებისგან. მეორე საკითხია უკვე ხალხზე და კომპანიებზე ორიენტირებული დიდი მოცულობის დროებითი და მიზანმიმართული ფისკალური და ფინანსური ზომების მიღება. მთავრობა მუშაობს ბიზნესისა და სოციალურად დაუცველი ჯგუფების მხარდასაჭერ სქემებზე. მის მიერ შემუშავებულ გეგმებს კი საერთაშორისო პარტნიორები დააფინანსებენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წელს ფისკალური დეფიციტი გაიზრდება მთლიანი შიდა პროდუქტის 8.5 პროცენტამდე. ეს ნაწილობრივ შემოსავლების კლებით იქნება გამოწვეული, თუმცა, დიდ ნაწილს მთავრობის მიერ დაწესებული ზომები განაპირობებს. ეს მალე დაანონსდება. მე ვფიქრობ, რომ მთავრობის ძალიან კარგი ნაბიჯია, რაზეც მოგვიანებით ვიმსჯელეთ, რომ შეიქმნას ფისკალური ბუფერი კარგ პერიოდებში. ჩვენ გვაქვს მსგავსი ბუფერები იმ შემთხვევაში, თუ პანდემიის მდგომარეობა გაუარესდა. ვფიქრობ, მთავრობა კარგად არის მომზადებული ამ გეგმის განხორციელებისთვის. ვფიქრობ, მალე გვექნება კონკრეტული გეგმაც, თუმცა ამისთვის საჭიროა პანდემიის დაძლევა, ნორმალურ სიტუაციაში დაბრუნება და ეკონომიკის აღდგენა“, – განაცხადა ჩაკირმა.

მისი განმარტებით, თუ პანდემიის გამო სიტუაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ნავარაუდევ სცენარზე მეტად გაუარესდა [რომლის მიხედვითაც წელს საქართველოს ეკონომიკაში ოთხპროცენტიანი ვარდნაა მოსალოდნელი], ეროვნული ბანკის მიერ დაგროვებული რეზერვები ქვეყანას კარგ სამსახურს გაუწევს.

„ვისურვებდი, შემეძლოს იმის თქმა, რომ ჩვენი სცენარი ყველაზე ცუდია, მაგრამ ასე არ არის. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ვფიქრობთ, რომ ცენტრალური ბანკი შეძლებს, შეინარჩუნოს სარეზერვო ფონდები. გასაგებია, რომ ქვეყანას საერთაშორისო დონორები დაეხმარებიან, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე ცუდი სცენარი განვითარდა, ცენტრალური ბანკი შეძლებს რეზერვების გამოყენებას. ეს კარგია. ვფიქრობ, რომ დონორების კონტრიბუცია საკმარისი იქნება [საბიუჯეტო] დეფიციტის დასაფინანსებლად. ასევე, სახელმწიფო გამოიყენებს შიდა რესურსებს ბუფერების შესაქმნელად იმ შემთხვევისთვის, თუ პანდემიის მდგომარეობა გაუარესდა. სამწუხაროდ, ეს ჯერ არავინ იცის. მე ვიცი, რომ არსებობს გარკვეული კრიტიკა ცენტრალური ბანკის მიმართ, თუ რატომ ქმნის ამხელა რეზერვებს. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კარგია, როცა ქვეყანა ასე კარგად არის მომზადებული ყველაზე ცუდი სცენარისთვის, რაც შეიძლება, განვითარდეს“, – განაცხადა ჩაკირმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ არსებული გლობალური კრიზისის ფონზე საქართველოს საქმე სხვა ქვეყნებზე უკეთესად აქვს და შესაძლებელია, კრიზისის შემდეგ ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გახდეს.

„ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ გლობალური პროგნოზი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვარაუდით, 2020 წელი გლობალური ეკონომიკისთვის დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე უარესი იქნება. თუმცა, მე პოზიტიურად ვარ განწყობილი საქართველოს მიმართ რამდენიმე მიზეზის გამო. ერთი ის, რომ რეზერვები შემუშავებულია. მეორეა დონორების არსებითი მხარდაჭერა და მესამე ის, რომ პატარა ქვეყანას გააჩნია უპირატესობა, რადგან დიდ ქვეყნებს გაცილებით დიდი რესურსი სჭირდებათ. საქართველოსთვის განსაზღვრული რესურსები კი საკმარისზე მეტია. პრობლემები არსებობს, მაგრამ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს საქმე გაცილებით უკეთ აქვს. კრიზისის შემდეგ ის შეიძლებ,ა ინვესტიციების კუთხით მიმზიდველი ადგილი გახდეს, რადგან სტაბილურობის შენარჩუნება შეძლო. ვფიქრობ, რომ ასე იქნება“, – განუცხადა სელიმ ჩაკირმა „ბიზნესპარტნიორს“.