სებასტიან მოლინეუსი - წელს ეკონომიკის გამძლეობის შემოწმების წელი იქნება
სებასტიან მოლინეუსი - წელს ეკონომიკის გამძლეობის შემოწმების წელი იქნება

წელს ეკონომიკის გამძლეობის შემოწმების წელი იქნება და სავარაუდოდ რთულ წელს უნდა ელოდოს საქართველოც, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში მსოფლიო ბანკისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხი და მსოფლიო ბანკის ახალი 102.7 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის პროექტი განიხილეს, რომელიც საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და განათლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ კორონავირუსი სერიოზულ რისკებს უქმნის გლობალურ ეკონომიკას და გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება. სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მოსაზრებით, წლევანდელი წელი საქართველოს კრიზისის მართვის უნარს გამოცდის.

„წელს ეკონომიკის გამძლეობის შემოწმების წელი იქნება. სავარაუდოდ რთული წელი იქნება საქართველოსთვის. აქ ჩვენ ზემოქმედების ორი ფაქტორი გვექნება: ერთი – გავლენა ჯანდაცვაზე და მეორე – გავლენა ეკონომიკაზე. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ვიცით, რომ გლობალურ დონეზე მოცემულ მომენტში 95 000 შემთხვევაა 60 ქვეყანაში და დაახლოებით 3500-ზე მეტი სიკვდილიანობის ფაქტი დაფიქსირდა. რა თქმა უნდა, ისეთი მცირე და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ეს ძალიან მნიშვნელოვან ზემოქმედებას მოახდენს. ეს საქართველოსთვის გამოცდა იქნება, თუ რამდენად მზად არის ქვეყანა, კრიზისი დაძლიოს. ამჟამად, როგორც ვიცი, მხოლოდ ოთხი შემთხვევაა ქვეყანაში და არც ერთი ფატალური დასასრული არ ყოფილა. რაც შეეხება ეკონომიკას, მე ვხედავ გარკვეულ შავ ღრუბლებს ქვეყნის თავზე. მსოფლიო ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მნიშვნელოვნად შეამცირეს. ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკაზეც დიდ გავლენას მოახდენს. ტურიზმი არის ერთ-ერთი სექტორი, რომელიც შემცირდება და გარკვეული პრობლემების წინაშე დადგება. გარკვეულ უარყოფით გავლენას განიცდის იმპორტ-ექსპორტიც ანუ ვაჭრობა. ამან შეიძლება, გავლენა მომხმარებელზეც მოახდინოს და მან გარკვეული პროდუქციის შეძენისგან თავი შეიკავოს. ჩვენ გვჯერა, რომ მთავრობა გარკვეულ ზომებს იღებს, რათა ეკონომიკური რისკები დაძლიოს“, – განუცხადა სებასიან მოლინეუსმა „ბიზნესპარტნიორს“.