სებასტიან მოლინეუსი - ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე სისტემის მზაობა უნდა შეფასდეს, შემდეგ უშუალოდ ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერის სურვილიც გვაქვს
სებასტიან მოლინეუსი - ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე სისტემის მზაობა უნდა შეფასდეს, შემდეგ უშუალოდ ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერის სურვილიც გვაქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შესანიშნავი შეხვედრა შედგა. ჩვენი მოსაზრებები თანხვედრაშია იმ წარმატებული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს ბოლო წლების განმავლობაში აკავშირებს,- ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან იმ სამ საკითხებზე ისაუბრა, რაზეც შეხვედრის დროს გამახვილდა ყურადღება, მათ შორის  ახალი კორონავირუსი და მსოფლიო ბანკის დახმარება ვაქცინაციის პროცესში.

„ვისაუბრეთ, რა შეიძლება გავაკეთოთ ქვეყნისა და ხალხისთვის ვაქცინაციის მიმართულებით მთავრობის ძალისხმევის ხელშეწყობის მიზნით. ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რათა ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე სისტემის მზაობის შეფასება მოხდეს, ხოლო შემდეგ უშუალოდ ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერის სურვილიც გვაქვს. მეორე საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის ახალი პრიორიტეტები და სტრატეგია. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხები. მსოფლიო ბანკი ბევრ ქვეყანას – მათ შორის დასავლეთ ბალკანეთის რეგიონს – დახმარებია ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების დაკმაყოფილებაში. ამჯერად, მზად ვართ, საქართველოს დავუჭიროთ მხარი ამ მიმართულებით. მესამე და ბოლო საკითხი იყო სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი, რაც სამომავლოდ კონკურენციის ხელშეწყობას, ციფრული და მწვანე ეკონომიკის შექმნას გულისხმობს“, – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.