სებასტიან მოლინეუსი - საქართველოს მთავრობამ საყოველთაო შექება დაიმსახურა პანდემიასთან ბრძოლაში სიკვდილობის მაჩვენებლის მინიმალურ დონეზე შენარჩუნებით, ვფიქრობ, ეს ქება ნამდვილად დამსახურებულია
სებასტიან მოლინეუსი - საქართველოს მთავრობამ საყოველთაო შექება დაიმსახურა პანდემიასთან ბრძოლაში სიკვდილობის მაჩვენებლის მინიმალურ დონეზე შენარჩუნებით, ვფიქრობ, ეს ქება ნამდვილად დამსახურებულია

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 2020 წელს ეკონომიკური ზრდა შემცირდება და ეკონომიკის აღდგენა 2021 წელს დაიწყება, –  მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის თქმით, ეს მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მოვლენათა განვითარების ერთ-ერთი სცენარია.

მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ვოდეომიმართვაში ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის მსოფლიო ბანკის 2020 წლის ეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა.

როგორც მან აღნიშნა, ანგარიშის მომზადება გამოწვევებთან იყო დაკავშირებული COVID-19 -ის პანდემიის მეტად დინამიური ხასიათიდან გამომდინარე. სებასტიან მოლინეუსი განმარტავს, რომ შესაბამისად, ანგარიშში არჩეულ იქნა სცენართა ანალიზის მიდგომა ეკონომიკური მონაცემების მიმართ, რათა განსაზღვრულიყო  ვირუსის ეკონომიკური ზემოქმედება ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონზე.

მისი თქმით, სავარაუდო სცენარიებია: 2020 წელს რეგიონში ადგილი ექნება ეკონომიკურ ვარდნას;  ეკონომიკური ზრდა 2020 წლის განმავლობაში შემცირდება და აღმოჩნდება 2.8 და 4.8 პროცენტს შორის შუალედში, ხოლო 2021 წელს დაიწყება ეკონომიკის აღდგენა.

„ანგარიშში ხაზგასმულია დარგობრივი პოლიტიკის აუცილებლად გასატარებელი სამი ძირითადი ღონისძიება: მთავრობის მხრიდან სწრაფი და მტკიცე მოქმედების აუცილებლობა  ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერისა და გაძლიერების მიმართულებით, რაც აბსოლუტურად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა; ღარიბი და მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერის უზრუნველყოფა და სოციალური დაცვის სათანადო მექანიზმების ამოქმედება; ეკონომიკის აღდგენის მტკიცე ეკონომიკური პროგრამების არსებობა იმ პერიოდისთვის, როცა შეზღუდვების უმეტესობა მოიხსნება“, – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

მისი შეფასებით, მსოფლიო ბანკის ჯგუფი ამ კრიზისის პირობებში სწრაფ რეაგირებას ახდენს გლობალური მასშტაბით ქვეყნების მხარდასაჭერად.

„ჩვენ მოვახდინეთ 14 მლრდ. აშშ დოლარის მობილიზება სწრაფი რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჯანდაცვის და სოციალური დაცვის გადაუდებელი საჭიროებების მხარდასაჭერად და, ამასთან ერთად, მომდევნო 15 თვის განმავლობაში გამოვყოფთ 160 მლრდ. აშშ დოლარს ეკონომიკის აღდგენის პროცესის ხელშეწყობის მიზნით“, – აღნიშნა მან.

სებასტიან მოლინეუსმა ვიდეოიმართვაში საქართველოს საკითხი ცალკე განიხილა და აღნიშნა, რომ COVID-19 -ით გამოწვეული კრიზისს ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.

„ახლა კი, საქართველოს დავუბრუნდეთ. COVID-19 -ით გამოწვეული კრიზისის გამო ჩვენ ველით საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას ეკონომიკაზე. ეს ძირითადად განპირობებულია მოგზაურობის აკრძალვით, რაც, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს ტურიზმზე და შიდა შეკავების მექანიზმები შეამცირებს ადგილობრივ მოთხოვნას. ჩვენი მოლოდინით,  მშპ შემცირდება და 2020 წელს მოექცევა -0.2 პროცენტსა და 2 პროცენტს შორის შუალედში, სანამ 2021 წელს ეკონომიკის აღდგენა დაიწყება. მინდა აღვნიშნო, რომ საბედნიეროდ, მთავრობამ გაატარა ფისკალურად გონივრული ღონისძიებები და ასევე შექმნა კაპიტალის ბუფერები, რომლებიც იძლევა კრიზისზე აქტიური რეაგირების საშუალებას.

ამ ეტაპზე ასევე მსურს, აღვნიშნო, თუ რაოდენ მიზანმიმართულად, სწრაფად და მტკიცედ მოქმედებდა მთავრობა ჯანდაცვის კუთხით ღონისძიებების გატარებისას იმისთვის, რომ დაეცვა ზემოქმედების ქვეშ მყოფი როგორც ოჯახები, ისე კომპანიები და დაეწყო ეკონომიკის აღდგენის გეგმის შემუშავება.  რეალურად, საქართველოს მთავრობამ საყოველთაო შექება დაიმსახურა პანდემიასთან ბრძოლაში სიკვდილობის მაჩვენებლის მინიმალურ დონეზე შენარჩუნებით და მე ვფიქრობ, რომ ეს ქება ნამდვილად დამსახურებულია“, – განაცხადა  მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

ამასთან, სებასტიან მოლინეუსის თქმით, წლების განმავლოაბში მსოფლიო ბანკი საქართველოს საიმედო პარტნიორია.

„ჩვენ ქვეყნის გვერდით ვიდექით 90-იან წლებში  დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი დღიდანვე, 2007 და 2008 წლების ფინანსური კრიზისის დროს, და ახლაც, მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მიმდინარე პანდემიის პერიოდში.

ამჟამად, ჩვენ მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ კრიზისის პირველი დღიდან და ვადგენთ ინტერვენციების სამ სხვადასხვა პროექტს საქართველოს მოსახლეობის დასახმარებლად:  ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა მიზნობრივი სოციალური დახმარების მეშვეობით, ვისზეც ყველაზე დიდი გავლენა იქონია კრიზისმა; ფართო სოციალური დაცვის სისტემის უზრუნველყოფა, რომელიც  მომდევნო თვეების განმავლობაში შეძლებს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას და ეკონომიკური აღდგენის აქტიური უზრუნველყოფა, კერძო სექტორის მხარდაჭერით, რომელსაც COVID-19 -ით გამოწვეულმა კრიზისმა უდიდესი დარტყმა მიაყენა, მაგალითად ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სფეროებში და სხვა დარგებში, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარე აღმოჩნდა ზოგიერთი ამჟამინდელი სავაჭრო შოკის მიმართ“, – განაცხადა მან.

ვიდეომიმართვის ბოლოს მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა 9 აპრილთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„მსურს აღვნიშნო, რომ დღეს განსაკუთრებული დღეა საქართველოსთვის – 9 აპრილი. ეს არის დღე, რომელმაც მრავალმხრივად განაპირობა საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩემთვის არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ამ დღემ აჩვენა ქართველი ხალხის სიმტკიცე. აღნიშნულის და საქართველოს გერბზე გამოსახული დევიზის – „ძალა ერთობაშია“ გათვალისწინებით, მსურს, ვთქვა, რომ განვითარების მიმართულებით მომუშავე პარტნიორებთან, მთავრობასთან, პოლიტიკაში და საზოგადოებაში  მოღვაწე ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ გადავრჩებით და ამ კრიზისიდან უფრო გაძლიერებული გამოვალთ“, – აცხადებს სებასტიან მოლინეუსი.