სებასტიან მოლინეუსი - მსოფლიო ბანკი რჩება საქართველოს განვითარების მხარდამჭერად
სებასტიან მოლინეუსი - მსოფლიო ბანკი რჩება საქართველოს განვითარების მხარდამჭერად

მსოფლიო ბანკი რჩება საქართველოს განვითარების მხარდამჭერად, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა ხაშურის შემოვლითი, 13 კმ-იანი ახალი გზის გახსნაზე.

მოლინეუსი აცხადებს, რომ მსოფლიო ბანკი აფინანსებს ხუთ პროექტს, რომელთა საერთო ღირებულება 1.5 მილიარდ დოლარს აღწევს.

„პატივი მაქვს, რომ ვესწრები ხაშურის გზის გახსნას. ჩვენ, მსოფლიო ბანკში მოხარული ვართ, რომ მონაწილეობა მივიღეთ ამ მნიშვნელოვან პროექტში. მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი განვითარების პროექტებს, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის გზა. ჩვენ ვაფინანსებთ ხუთ პროექტს, რომელთა საერთო ღირებულება 1.5 მილიარდ დოლარს აღწევს; ვთანამშრომლობთ მთავრობასთან, რათა უზრუნველვყოთ პროექტების დასრულება. გვჯერა, ეს პროექტი საქართველოს ბევრ სარგებელს მოუტანს. უპირველეს ყოვლისა, ეს დაეხმარება საქართველოს, რომ დაამტკიცოს საკუთარი როლი, როგორც წამყვანი სატრანსპორტო ჰაბმა რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში და უფრო ფართო, აბრეშუმის გზის ინიციატივის ფარგლებში. გვჯერა, ეს დიდ როლს ითამაშებს ქვეყნის შიგნით ტურიზმის განვითარებაში, წაახალისებს სოფლებს, რომ მიაწოდონ საკუთარი სერვისები და პროდუქცია უფრო დიდ ქალაქებს. ეს გაზრდის იმ ადამიანების უსაფრთხოებას, რომლებიც ხაშურის გავლით გადაადგილდებოდნენ. მსოფლიო ბანკი რჩება საქართველოს მოკლე და გრძელვადიანი განვითარების მხარდამჭერი“, – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

ხაშურის შემოვლითი, 13 კმ-იანი ახალი გზა დღეს გაიხსნა.