სებასტიან მოლინეუსი - განათლების ხარისხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს უნდა უზურუნველვყოთ
სებასტიან მოლინეუსი - განათლების ხარისხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს უნდა უზურუნველვყოთ

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში საშუალო სკოლაში 12 წლის განმავლობაში მიღებული განათლება რეალურად რვა კლასის განათლებას შეესაბამება. განათლების ხარისხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს უნდა უზურუნველვყოთ, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში მსოფლიო ბანკისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხი და მსოფლიო ბანკის ახალი 102.7 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის პროექტი განიხილეს, რომელიც საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და განათლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

გადაცემის მსვლელობისას სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორმა აღნიშნა, რომ საქართველო სამაგალითო ქვეყანაა იმ მხრივ, რომ განათლებაში ინვესტიციების მნიშვნელოვნად გაზრდას აპირებს. თუმცა, ქართული განათლების სისტემაში ჯერ კიდევ არსებობს სერიოზული ხარვეზები, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

„ძალიან ბევრ ქვეყანაშია საუბარი, რომ განათლება მნიშვნელოვანია, მაგრამ განათლებაში ინვესტირება რეალურად ძალიან ცოტა ქვეყანაში ხდება. საქართველოს მთავრობა კი განათლების დაფინანსების გაზრდას მთლიანი შიდა პროდუქტის ექვს პროცენტამდე აპირებს. თუმცა, მსურს ჯერ გამოწვევების შესახებ ვისაუბრო და მერე უკვე იმ გზებზე, როგორ დავძლიოთ ისინი. ჩვენ გვაქვს 2017 წელს შესრულებული PISA-ს კვლევა [ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის [OECD] მიერ წარმოებული საერთაშორისო სტუდენტების შეფასების პროგრამა ე.წ. OECD PISA ინდექსი], რომლის მიხედვითაც საქართველო 79 ქვეყანას შორის 71-ე ადგილზეა, ხოლო ადამიანური კაპიტალის ინდექსის მიხედვით – 157 ქვეყანას შორის 61-ე ადგილს იკავებს. კვლევა გვიჩვენებს, რომ 2018 წელს დაბადებული ბავშვების პროდუქტიულობა თავისი პოტენციალის მხოლოდ 61 პროცენტს მიაღწევს. წარმოიდგინეთ, შესაძლებლობის რამხელა ზღვარია შესავსები. საქართველოში ბავშვები საშუალო სკოლაში 12 წელი სწავლობენ, მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ ამ პერიოდში მათ მიერ შეძენილი ცოდნა რვა კლასის განათლებას შეესაბამება. ანუ ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ სწავლის ხარისხი იყოს სათანადო. მეორე არის მასწავლებლების კვალიფიკაცია. როგორი კარგი განათლების სისტემაც უნდა გქონდეს, ყველაზე მთავარი არის მასწავლებელი. ჩვენ მასწავლებლების მომზადება უნდა გავაძლიეროთ. როგორც ვიცი, ახლა უნივერსიტეტებში მუშავდება კურსი სკოლამდელი ასაკის განათლებისა და დაწყებითი განათლების პედაგოგებისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია ენერგოეფექტიანობა, რადგან ხშირად კლასებში არ არის სათანადო ტემპერატურა, ზამთარში მეტისმეტად ცივა ან ზაფხულში მეტისმეტად ცხელა. გათბობისა და ინფრასტრუქტურის საკითხიც მოსაგვარებელია, ბავშვებს სათანადო პირობები უნდა ჰქონდეთ“, – განუცხადა სებასტიან მოლინეუსმა „ბიზნესპარტნიორს“.

დატოვე კომენტარი