სებასტიან ლეკორნუ აცხადებს, რომ საფრანგეთის პრემიერობიდან „ქვეყნის სამართავად საჭირო პირობების შეუსრულებლობის გამო“ გადადგა
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ გადადგომა გადაწყვიტა, რადგანაც ქვეყნის სამართავად საჭირო პირობები არ არის შესრულებული.
მისი განმარტებით, ის ცდილობდა, ეთანამშრომლა სოციალურ პარტნიორებთან, დასაქმებულებთან, პროფკავშირებთან, კერძოდ იმ საკითხებზე, რომლებიც უკვე მრავალი წელია, იყო სადავო. ესენია სამედიცინო დაზღვევა, უმუშევრობა, შრომის მძიმე პირობები, სოციალური უზრუნველყოფა. მისივე თქმით, ის ცდილობდა „პარიტეტის აღდგენას“ და „სამოქმედო გეგმის შედგენას“, რომელიც ერთიან პრინციპებს დაეფუძნებოდა.
„ამ სამი კვირის განმავლობაში ვმუშაობდი იმ პირობების შესაქმნელად, რომლითაც ჩვენ შევძლებდით საფრანგეთის ბიუჯეტის დამტკიცებას, ქვეყნისთვის, და ასევე სოციალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და რამდენიმე საგანგებო სიტუაციის გადასაჭრელად, რომლებიც ვერ მოიცდიდა 2027 წლამდე, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებამდე. არ მინდა ყველას ჩამოთვლა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რა საკითხებია ეს. ყოველდღიური უსაფრთხოების საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია მსყიდველუნარიანობასთან და სამუშაოსთან, ახალი კალედონია, შეიარაღებული ძალები რთულ საერთაშორისო კონტექსტში და ბევრი სხვა“, – განაცხადა ლეკორნუმ.
მისივე თქმით, საფრანგეთის პარლამენტში წარმოდგენილი პარტიები მოქმედებენ ისე, თითქოს მათ აქვთ უმრავლესობა და უარს ამბობენ ყოველგვარ კომპრომისზე.
„მე ვარ აქტივისტი და პატივისცემით ვეკიდები მათ, ვინც მიზნის ერთგულია. მაგრამ ქვეყანა, ყოველთვის პარტიაზე მაღალ უნდა იდგეს. აუცილებელია აქტივისტების მოსმენა, მაგრამ ყოველთვის უნდა იფიქრო ფრანგ ხალხზე“, – განაცხადა ლეკორნუმ.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ დღეს დილით მიმართა პრეზიდენტ მაკრონს გადადგომის თხოვნით. ემანუელ მაკრონმა ლეკორნუს თხოვნა დააკმაყოფილა. ლეკორნუმ საფრანგეთის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე სულ 27 დღე იმუშავა – ეს არის საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე მოკლე ვადა. ლეკორნუმ მინისტრთა კაბინეტის ფორმირება 5 ოქტომბერს დაასრულა. ახალ მთავრობას საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი პარტიები მაშინვე დაემუქრნენ უნდობლობის გამოცხადებით.