სებასტიან ფეტელმა 50-ე გრანპრი მოიგო და ლიდერობა დაიბრუნა
სებასტიან ფეტელმა 50-ე გრანპრი მოიგო და ლიდერობა დაიბრუნა

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მეშვიდე ეტაპი – კანადის გრანპრი „ფერარის“ პილოტმა სებასტიან ფეტელმა მოიგო. გერმანელმა პოულიდან აიღო სტარტი და ლიდერობა ფინიშამდე არავის დაუთმო.

სასტარტო მეორე და მესამე ადგილები ვალტერი ბოტასმა („მერსედესი“) და მაქს ფერსტაპენმა („რედ ბული“) შეინარჩუნეს. ფავორიტებს შორის ყველაზე დიდი წინსვლა დანიელ რიკარდოს („რედ ბული“) ჰქონდა. ის მეექვსედან მეოთხე ადგილამდე ავიდა და თითო საფეხურითჩამოთქვეითა ლუის ჰემილტონი („მერსედესი“) და კიმი რაიკონენი („ფერარი“), რომლებიც, შესაბამისად, მეხუთე და მეექვსე ადგილებზე გავიდნენ.

ეს ფეტელისთვის სეზონის მე-3 და კარიერის 50-ე გამარჯვება იყო. გერმანელმა ლიდერობა საერთო ჩათვლაში დაიბრუნა – მას ჰემილტონის 120 ქულის წინააღმდეგ 121 ქულა აქვს.

შემდეგი ეტაპი 24 ივნისს, საფრანგეთში გაიმართება.