სებ-თან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ განხილული საჩივრების შედეგად, აგვისტოს მდგომარეობით, მომხმარებლისთვის ანაზღაურებული თანხების ჯამურმა მოცულობამ 426 ათასი ლარი შეადგინა
მიმდინარე წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულმა დავების განმხილველმა კომისიამ საქმიანობის ფარგლებში განიხილა და წარმოებაში მიიღო მომხმარებლებსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შორის არსებული დავების თაობაზე შემოსული 150 საჩივარი. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს.
უწყების ცნობით, მათგან 125 დავა უკვე დასრულებულია, ხოლო 25 – განხილვის და მოკვლევის პროცესშია.
„აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში კომისიის მიმართ მოქალაქეების მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო საკანონმდებლო ცვლილებებმა. ცვლილებების თანახმად, დავის საგნის ღირებულება, რომლის ფარგლებშიც კომისია უფლებამოსილია, განიხილოს მომხმარებელთა საჩივრები, 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე გაიზარდა. მომხმარებლების მიერ წარდგენილი საჩივრები უმეტესწილად უკავშირდება ანგარიშიდან განხორციელებულ გადახდის ოპერაციებს, რომლებსაც მომხმარებელი არ ეთანხმება.
ამასთან, კომისიის მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილებების შესაბამისად, მომხმარებლებისთვის უკვე ფაქტობრივად ანაზღაურებული/ჩარიცხული თანხების ჯამური მოცულობა 426 ათას ლარს შეადგენს.
ამ ეტაპზე მიმდინარე დავების ჯამური ღირებულება 400 ათასი ლარია, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად პროვაიდერების მიერ მომხმარებლებისთვის ასანაზღაურებელი დარჩენილი თანხის მოცულობა 393 ათასი ლარია.
ჯამურად, კომისიის საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში შემოსული საჩივრებით მოთხოვნილი თანხის მოცულობა 1 მილიონ 645 ათას ლარს შეადგენს.
საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია მომხმარებლებისთვის დავის განხილვის სწრაფ, ეფექტურ და უფასო მექანიზმს წარმოადგენს. კომისიის მიზანია საგადახდო მომსახურების მომხმარებელთა უფლებების დაცვა, მათდამი სამართლიანი მოპყრობის უზრუნველყოფა და ციფრული გადახდების მიმართ მომხმარებლების ნდობის განმტკიცება.
კომისია წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს და მისი შექმნა უკავშირდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას.
მომხმარებელი უფლებამოსილია, საჩივრით მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას, თუ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა საგადახდო ბარათით, ინტერნეტბანკიდან, მობაილბანკიდან და სხვა განხორციელებულ არაავტორიზებულ (მისი თანხმობის გარეშე განხორციელებულ) ოპერაციებს, გადახდის ოპერაციის შესრულების ვადის დარღვევას, არასწორად შესრულებულ ოპერაციას, ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და სხვა მსგავს შემთხვევას“, – ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.