სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია
ოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, განსაკუთრებით დღევანდელ გლობალურ გარემოში, როდესაც მსოფლიოში გეოპოლიტიკური კონფლიქტები და ეკონომიკური ფრაგმენტაციის პროცესები მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ ცენტრალური ბანკები სულ უფრო აქტიურად ზრდიან ოქროს მარაგებს, – აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხაზარაძე.
2026 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. შედეგად, ოქტომბრის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს პორტფელის ღირებულებამ 1.365 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.6 პროცენტია. ოქროს პორტფელი ივნისსა და ოქტომბერში განხორციელებული შესყიდვების შედეგად გაიზარდა.
როგორც ალექსანდრე ხაზარაძე აღნიშნავს, მიმდინარე წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია არა მხოლოდ საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ, არამედ სავალუტო ინტერვენციების შედეგად უცხოური ვალუტის შესყიდვებმაც.
„2026 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ისტორიული მაქსიმუმი იყო ინტერვენციების შედეგად შესყიდული უცხოური ვალუტის მოცულობაც. ჯამურად, სამ მილიარდ აშშ დოლარზე მეტი უცხოური ვალუტა შევისყიდეთ. ამ პროცესის პარალელურად, 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქროს შეძენამ ჩვენს საერთაშორისო რეზერვებს კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაცია შესძინა“, – აცხადებს ალექსანდრე ხაზარაძე.
მისივე განმარტებით, მონეტარული ოქრო წარმოადგენს ინფლაციისგან დაცვის საშუალებას. შესაბამისად, ოქრო ბოლო პერიოდში ცენტრალური ბანკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარეზერვო აქტივი გახდა. მსოფლიოს არაერთი ცენტრალური ბანკი, მათ შორის პოლონეთის, ჩეხეთის, უნგრეთისა და სინგაპურის ცენტრალური ბანკები, ოქროს მარაგების ზრდას აქტიურად განაგრძობენ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარულ ოქროში ინვესტირება პირველად 2024 წელს განახორციელა. სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაცია და მათი ეფექტიანი მართვა სებ-ის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია.
ოქროს პორტფელის ზრდასთან ერთად, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმაც. 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მათი მოცულობა 8.25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.2 პროცენტით მეტია.
საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 დეკემბერს გამოაქვეყნებს.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.