საზონოვის წარმომადგენელი - „სასუოლო“, „უდინეზე“ და „სალერნიტანაც“ იწვევდნენ, მაგრამ საბამ „ტორინო“ ამჯობინა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მცველის, საბა საზონოვის წარმომადგენელმა ვალერიო ჯუფრიდამ განმარტა, თუ რატომ გადავიდა ფეხბურთელი „ტორინოში“.
ცენტრალური მცველის წარმომადგენელის განმარტებით, საზონოვს კონტრაქტს არანაკლებ საინტერესო სამი იტალიური კლუბი სთავაზობდა.
„საბას დავეხმარე, რომ სერია A-ში საუკეთესო ვარიანტი შეერჩია. საზონოვით ნამდვილად დაინტერესდა ოთხი იტალიური კლუბი, რომელზეც პრესაში წერდნენ. ესენია „სასუოლო“, „უდინეზე“, „სალერნიტანა“ და „ტორინო“.
რატომ ავირჩიეთ „ტორინო“? ეს იტალიაში ახალგაზრდა ცენტრალური მცველებისთვის სასარგებლო კლუბია. ამ როლში მოთამაშეები შეიძლება განვითარდნენ მწვრთნელის იურიჩის ხელმძღვანელობით, რომელიც „ვერონაში“ ყოფნისას რაჰმანისა და კუმბულას გაზრდაში დაეხმარა. ახლა ორივე სერია A-ს წამყვან კლუბებში, „ნაპოლისა“ და „რომაში“ არიან.
„ტორინოს“ ასევე აქვს ბრემერის („იუვენტუსში“ თამაშობს) და შუურსის გაზრდის გამოცდილება. კლუბი ფეხბურთელს თავისი ღირებულებებით ზრდის და საბასაც ყველაფერი წინ აქვს. ეს არის ამ კონკრეტული გუნდის არჩევის მიზეზი. „ტორინოს“ ამბიცია აქვს, სერია A-ში უფრო წარმატებული კლუბი გახდეს. ასე რომ, ძალიან ადვილი იყო ამ ვარიანტზე შეჩერება და ტურინული კლუბის არჩევა“, – განუცხადა ჯუფრიდამ Sport24-თან ინტერვიუში.