კალათბურთი | როდის, სად და რა სისტემით გაიმართება ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი #1TVSPORT
კალათბურთი | როდის, სად და რა სისტემით გაიმართება ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამიდან ორი მატჩი მოიგო და 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. ამ შედეგით „ჯვაროსნებმა“ ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვეს. 

ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესოა, როდის, სად და რა სისტემით გაიმართება ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი. სადღეისოდ პასუხი მხოლოდ ორ შეკითხვაზე გვაქვს – ვიცით, რომ შესარჩევი თამაშები 2-7 ივლისს ჩატარდება, ხოლო პარიზის ოლიმპიადა 26 ივლისს დაიწყება. ცნობილია შეჯიბრების ფორმატიც, ხოლო სად გაიმართება მატჩები, ჯერ არ გადაწყვეტილა.

ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს 24 გუნდი. მათგან 19 მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგებით გამოვლინდა: ეგვიპტე, ანგოლა, კოტ დ’ივუარი; პუერტო რიკო, ბრაზილია, დომინიკის რესპუბლიკა, მექსიკა; ლიბანი, ფილიპინები; ლატვია, ლიეტუვა, სლოვენია,  იტალია, ესპანეთი, მონტენეგრო, საბერძნეთი, საქართველო, ფინეთი, ახალი ზელანდია.

მათ დაემატება წინასწარი შესარჩევიდან გასული ხუთი ნაკრები – ორი ევროპიდან, თითო-თითო აფრიკიდან, აზიიდან და ამერიკიდან: პოლონეთი, ხორვატია, ბაჰამები, ბახრეინი, კამერუნი.

24 გუნდი გაიყოფა სამგუნდიან რვა ჯგუფად. თამაშები ჩატარდება ოთხ ქვეყანაში შემდეგი პრინციპით: მასპინძელ ქვეყანაში შეიკრიბება ექვსი გუნდი (ორი ჯგუფი), თითოდან მომდევნო ეტაპზე გავა ორი ნაკრები, რასაც მოჰყვება ნახევარფინალი, ფინალი და გამარჯვებული მოიპოვებს პარიზის ოლიმპიადის საგზურს. ასე და ამგვარად, 7 ივლისს საკვალიფიკაციო ტურნირი ოლიმპიური თამაშების ბოლო ოთხ მონაწილეს გამოავლენს.

ლიცენზია უკვე მოპოვებული აქვთ: საფრანგეთს (მასპინძელი), სამხრეთ სუდანს, კანადას, აშშ-ს, იაპონიას, გერმანიას, სერბეთსა და ავსტრალიას.

ბოლოს ყველზე საინტერესო შეკითხვაზე ვუპასუხოთ: ოლიმპიადაზე მოხვედრის რა შანსი აქვს საქართველოს ნაკრებს? ამისთვის ჯერ ისაა გასარკვევი, გუნდები როგორ განაწილდებიან კალათებში. თუ 2024 წლის ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზეც ისევე განაწილდნენ, როგორც ტოკიო 2020-ის საკვალიფიკაციოზე, მაშინ ევროპის საუკეთესო 8 გუნდი სხვადასხვა კალათაში მოხვდება. მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით საქართველო ევროპაში მერვეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ერთ ჯგუფში არ მოხვდება ლატვიასთან, ლიეტუვასთან, სლოვენიასთან,  იტალიასთან, ესპანეთთან, მონტენეგროსთან და საბერძნეთთან. სხვა კალათებიდან ჩვენს გუნდს შეიძლება შეხვდეს აფრიკული, აზიური, ამერიკული გუნდები ან ერთ-ერთი სამი ევროპულიდან: ფინეთი, პოლონეთი, ხორვატია.

მსოფლიო ჩემპიონატმაც გვიჩვენა, რომ სხვა კონტინენტის ნაკრებები, ევროპელებთან შედარებით, არ არიან მოწოდების სიმაღლეზე და თუ მაინცდამაინც ჩვენს ჯგუფში ბრაზილია და ხორვატია არ მოხვდნენ, თუნდაც პირველი ადგილით ნახევარფინალში გასვლა რეალურია.

ასე რომ, დაველოდოთ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრას, რომლის თარიღი ჯერ არ დასახელებულა. მანამდე ზემოთ ნახსენებმა 24-მა ქვეყანამ ფიბა-ში ოფიციალური წერილით უნდა დაადასტუროს ტურნირში მონაწილეობის სურვილი. ვადა 30 ნოემბრამდეა. სწორედ ამის შემდეგ დაინიშნება წილისყრის დღე.