საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა

10:18, 18.08.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას ექვსი წლის ვადით უპირობო ავტორიზაცია მიენიჭა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მოიპოვა.

შსს-ს ცნობით, ავტორიზაციის შედეგად აკადემიას მიეცა უფლება, მიმართოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საბაკალავრო პროგრამის, „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის“ აკრედიტაციის მიზნით.

პროგრამა უმაღლესი განათლების პირველ საფეხურს – ბაკალავრიატს მიეკუთვნება. მისი მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების გამოვლენის, აღკვეთის, გამოძიების, ანალიზისა და პრევენციის მიმართულებით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება.

პროგრამის დასრულების შედეგად კურსდამთავრებულს მიენიჭება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის ბაკალავრის კვალიფიკაცია.

პოლიციის აკადემია, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასაც შეძლებს.

მსგავსი