„საზოგადოებრივი მედიის ალიანსი“ მსოფლიოს საზოგადოებრივი მედიაორგანიზაციების მიერ კორონავირუსის გაშუქების შესახებ სტატიას აქვეყნებს
„საზოგადოებრივი მედიის ალიანსი“ მსოფლიოს საზოგადოებრივი მედიაორგანიზაციების მიერ კორონავირუსის გაშუქების შესახებ სტატიას აქვეყნებს

„საზოგადოებრივი მედიის ალიანსი“ მსოფლიოს საზოგადოებრივი მედიაორგანიზაციების მიერ კორონავირუსის საკითხის გაშუქებასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.

ორგანიზაციის თანახმად, საზოგადოებრივ მედიაორგანიზაციებს ევალებათ, წარმოადგინონ მნიშვნელოვანი და ზოგჯერ სასიცოცხლო ინფორმაცია კრიზისებისა და საგანგებო სიტუაციების დროს. ეს როლი ხორციელდება უპრეცედენტო მასშტაბის საერთაშორისო დონეზე, ვინაიდან კორონავირუსი კოვიდ-19 მსოფლიოში გავრცელებას განაგრძობს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადებამდე, საზოგადოებრივი მაუწყებლები ნერგავენ სპეციალურ პროგრამებსა და ონლაინ-კონტენტს საზოგადოების ეფექტიანი ინფორმირებისთვის, თუმცა ახალი ამბების ისედაც სწრაფად ცვალებად ციკლში სწრაფად განვითარებადი კრიზისის გაშუქებასთან დაკავშირებით შეშფოთება ჭარბობს. „საზოგადოებრივი მედიის ალიანსი“ მედიას მოუწოდებს მოვლენების პასუხისმგებლობითა და სიზუსტით გაშუქებისკენ, რათა არ მოხდეს დეზინფორმაციის გავრცელება და არ გაღვივდეს შიში და შეუსაბამო პანიკა. ორგანიზაციის თანახმად, სარედაქციო დამოუკიდებლობისა და საკმარისი რესურსების მქონე საზოგადოებრივი მედია ფართოდ მიიჩნევა ახალი ამბების ყველაზე სანდო წყაროდ.

კორონავირუსისადმი მიძღვნილი გადაცემები

9 მარტის მდგომარეობით, ჩინეთის შემდეგ იტალია არის ქვეყანა, სადაც კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. კრიზისის მასშტაბებისა და ლომბარდიის რეგიონში კარანტინის გამოცხადების გამო, საზოგადოებრივი მაუწყებელი „რაი“ (Rai) ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდა.

ტელე და რადიომაუწყებლობასთან ერთად, „რაიმ” ასევე დღის პროგრამაში თემისადმი მიძღვნილი გადაცემები დაამატა, რათა საზოგადოება უზრუნველყოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციით ინფექციის რისკის შემცირების შესახებ და იმის თაობაზე, თუ რა უნდა გააკეთო, თუ დაავადების შესაძლო სიმპტომები გაქვს.

„რაიმ“ ასევე გამოაცხადა სარედაქციო და მენეჯერული გადაწყვეტილებებისთვის შიდა სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რათა დაავადების გაშუქებისადმი მიდგომის სწრაფი ადაპტირება მოხდეს.

„ბიბისი ნიუსის“ (BBC News) და ავსტრალიის „ეიბისი ნიუსის” (ABC News) ეთერში გადის ნახევარსაათიანი სპეციალური გადაცემები კორონავირუსის შესახებ, რომლებშიც იწვევენ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს ბოლო ინფორმაციის გასაზიარებლად.

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის დაავადების შემთხვევების ზრდის პარალელურად, „ქეიბიეს ვორლდ რადიომ“ (KBS World Radio) ასევე გაზარდა ახალი ამბების გადაცემები. „სიბისი რადიო“ (CBC Radio) გადაცემების სერიაში სახელწოდებით „მიმდინარე“ იკვლევს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ვირუსის სოციალურ და ეკონომიკურ ზეგავლენას.

გასულ კვირას, სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი ტიპის პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ სამხრეთ აფრიკის სამაუწყებლო კორპორაციამ (SABC) ეთერში გაუშვა ჯანდაცვის მინისტრის სრული პრესკონფერენცია. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ასევე საკუთარ ვებგვერდზე, „გუგლის“ რუკაზე მონიშნა ის საავადმყოფოები, რომლებიც ქვეყანაში კორონავირუსიან პაციენტებს მკურნალობენ.

დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ობიექტური გაშუქება საზოგადოებრივი მედიის მთავარი ვალდებულებებია. გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (ZDF) ასე საჭირო პერსპექტივის წარმოჩენა სცადა და შექმნა COVID-19-ის შესახებ დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „პანდემიასა და ისტერიას შორის: როგორ შეძრა კორონავირუსმა მსოფლიო“.

საზოგადოების კითხვები და პასუხები

„ბიბისი ნიუსის“ ვებგვერდი მკითხველს სთავაზობს განმარტებებს ვირუსისგან დაცვის შესახებ ვიზუალური სახელმძღვანელოთი და ინფოგრაფიკებით. მასალა წარმოადგენს „ბიბისი ნიუსის“ ვებგვერდზე მოქალაქეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხებს.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევების ზრდასთან ერთად, „ბიბისი“ უზრუნველყოფს კორონავირუსის შესახებ სიახლეების გლობალურ გაშუქებას. „ბიბისი ვორლდ სერვისი“ აწარმოებს ყოველდღიურ პოდკასტს სახელწოდებით „კორონავირუსი ყოველდღიურად“, სადაც ექსპერტთა ჯგუფი პასუხობს საზოგადოების კითხვებს ვირუსის შესახებ.

„საზოგადოებრივი მედიის ალიანსი“ აღნიშნავს, რომ 42 ენაზე მომუშავე „ბიბისის“ სამსახურები მსოფლიოში კორონავირუსის ფართო გაშუქებას უზრუნველყოფენ. მაგალითად, „ბიბისის“ სპარსულმა ბიურომ დაიწყო ყოველდღიური გადაცემა, სადაც ექსპერტები აქარწყლებენ დეზინფორმაციას ვირუსის შესახებ და მაყურებლების კითხვებს პასუხობენ.

გასულ კვირას, აშშ-ის „პიბიესის“ (PBS) და ავსტრალიის „ეიბისი ნიუსის“ (ABC News) ეთერში გავიდა გადაცემები, სადაც მოსახლეობას შეეძლო ახალი კორონავირუსის შესახებ პირდაპირ ეთერში მიწვეული ექსპერტებისთვის კითხვების დასმა.

ონლაინ კონტენტი

რაც უფრო მეტად არის საზოგადოება მიმართული ონლაინ პლატფორმებისადმი ახალი და სანდო ამბებისა და ინფორმაციის მისაღებად, საზოგადოებრივი მაუწყებლები სულ უფრო იყენებენ თავიანთ ონლაინ პლატფორმებს, რათა თავი მოუყარონ ერთ სივრცეში ჯანდაცვის სფეროში ავტორიტეტული სპეციალისტებისგან მოპოვებულ ეროვნულ და საერთაშორისო ინფორმაციას, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან, ჯანდაცვის მინისტრებისგან, სამთავრობო რეკომენდაციებიდან.

იაპონიის საზოგადოებრივ მაუწყებელს (NHK) საკუთარ ვებპლატფორმაზე აქვს გვერდი, რომელზეც კორონავირუსის შესახებ განახლებული ცნობები ქვეყნდება. ინფორმაცია ჯამდება ყოველდღიურად, 10:30 საათზე და მოიცავს ადგილობრივი მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროსგან მოპოვებულ სრულ ინფორმაციას. ვებგვერდი მოიცავს ინტერაქტიულ გრაფიკებსა და სხვადასხვა კატეგორიის სტატიებს. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბებისა და კატასტროფების პრევენციის აპლიკაციის საშუალებით.

აშშ-ის საზოგადოებრივმა მაუწყებლებმა ასევე შექმნეს ინტერაქტიული და ინფორმაციული კონტენტი ბავშვებისთვის, რათა გაზარდონ მათი ჩართულობა კორონავირუსთან დაკავშირებით. „პიბიესის“ საბავშვო არხი – „პიბიეს ქიდსი“ (PBS KIDS) იყენებს ვიდეოს, თამაშებსა და სხვა აქტივობებს ბავშვებში ჯანმრთელი ჩვევების გამომუშავებისთვის. „ენპიარმა“(NPR) კი ბავშვებისთვის კორონავირუსის შესახებ კომიქსი შექმნა, რომელიც ეფუძნება საგანმანათლებლო რადიო სიუჟეტს.