საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში უმცირესობების წარმომადგენლის საკითხზე ნინო ლომჯარია კონსულტაციებს გამართავს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში უმცირესობების წარმომადგენლის საკითხზე ნინო ლომჯარია კონსულტაციებს გამართავს

მოხვდებიან თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები სახალხო დამცველის კვოტით, ამ თემაზე ისაუბრა ახალმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ  პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“.

გადაცემის წამყვანმა, ირაკლი აბსანძემ ნინო ლომჯარიას მიმართა კითხვით: „საზოგადოებრივ მაუწყებელში ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წევრი ვარ, ვცდილობთ, რაღაც ახალი კონტენტი შევთავაზოთ ადამიანებს და ხელი შევუწყოთ მათ ინტეგრირებას საერთო სივრცეში. მათ ბევრჯერ მითხრეს პირად საუბრებში, რომ ყოველთვის ცდილობდნენ, თავიანთი წარმომადგენელი ჰყოლოდათ ბორდში სახალხო დამცველის გავლით და რატომღაც არ გამოსდიოდათ. ხომ არ შეგიძლიათ თქვათ, რომ დაინტერესდებით ამ საკითხით და მოუსმენთ ამ ადამიანებს“.

როგორც სახალხო დამცველმა კითხვის პასუხად განაცხადა, ის მსგავს გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ მიიღებს. 

„ამ საკითხზე, ალბათ, კონსულტაციებს გავივლი იმ ჯგუფებთან, რომლებიც ზოგადად მედიის თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის მხარდაჭერის თემებზე მუშაობენ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა, თავის მხრივ, ირაკლი აბსანძეს ჰკითხა, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი, როგორ ადამიანს ისურვებდა, რომ ყოფილიყო სახალხო დამცველის წარმომადგენელი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში.

„კვირის ინტერვიუს“ წამყვანმა ლომჯარიას კითხვას ასე უპასუხა: „სახალხო დამცველს ორი კვოტა გაქვთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში, სიამოვნებით იქნებოდა ეროვნული უმცირესობისა და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი, რომელზეც ეს ჯგუფები შეთანხმდებოდნენ, იმიტომ რომ ჩვენ უკეთ გავიგებდით მათგან, რა აინტერესებთ“.