საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ზაზა აბაშიძე განმარტავს, რატომ დაუჭირა მხარი საჰონორარო თანხის ნაწილის საბჭოს წევრებზე გადანაწილებას
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ზაზა აბაშიძე განმარტავს, რატომ დაუჭირა მხარი საჰონორარო თანხის ნაწილის საბჭოს წევრებზე გადანაწილებას

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ზაზა აბაშიძე განმარტავს, რატომ დაუჭირა მხარი საჰონორარო თანხის ნაწილის, 50 492 ლარის საბჭოს წევრებზე გადანაწილებას.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, საბჭოს წევრებზე დარიცხული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

„მეც ვორჭოფობდი, როდესაც საჰონორარო საკითხზე იყო საუბარი. მინდა, მკაფიოდ განვმარტო – ეს ფული ჯიბეში კი არ აღმოჩნდება, ეს აღმოჩნდება საჰონორარო ბიუჯეტში, გადავა ტელევიზიაში და მოხმარდება ისევ ადამიანების ჯანმრთელობას. ჩემს შემთხვევაში მთლიანი თანხა მოხმარდება ქველმოქმედებას. მხოლოდ ამით იყო განმსჭვალული ჩემი „კი“ ამ გადაწყვეტილებაზე. ხელფასი, რომელსაც ვიღებ ამ საქმიანობისთვის, საკმარისია. ჩვენზე ტექნიკურად დარიცხული ფული მოხმარდება ქველმოქმედებას და არ წავა ზაზა აბაშიძის ჯიბეში. ვიღებ ამ ფულს ტექნიკურად მხოლოდ იმიტომ, რომ დავუბრუნო იმ ადამიანებს, რომლებიც ელოდებიან ამ ფულს, იბრძვიან სიცოცხლისთვის. როგორც ვიცი, ტექნიკურად არ არსებობდა სხვა გზა, რომ ეს ფული მისულიყო სწორედ ამ ადგილამდე“ , – განაცხადა ზაზა აბაშიძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საჰონორარო ნაწილში არსებული 132 492 ლარიდან, 82 ათასი ლარი გადავიდა 2021 წლის მაუწყებლის ბიუჯეტში; 50 492 ლარი კი, განაწილდება საბჭოს წევრებზე თანაბრად, თითოეულზე 5 610 ლარი. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საბჭოს შვიდმა წევრმა – ირინა ფუტკარაძემ, ბონდო მძინარაშვილმა, ზაზა აბაშიძემ, ირაკლი პაპავამ, იზაბელა ოსიპოვამ, ბესიკ ლილუაშვილმა, გია ნიჟარაძემ; წინააღმდეგ წავიდნენ მიხეილ ჩიკვილაძე და გია მურღულია.

ვიდეომასალა იხილეთ ბმულზე.