საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე და საბჭოს წევრი ბელა ოსიპოვა ლიეტუვის ელჩს შეხვდნენ
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე და საბჭოს წევრი ბელა ოსიპოვა ლიეტუვის ელჩს შეხვდნენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე და საბჭოს წევრი ბელა ოსიპოვა საქართველოში ლიეტუვის ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდნენ.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის შესახებ, ასევე საუბარი შეეხო ინსტიტუციის გაძლიერებას, სამომავლო თანამშრომლობასა და მხარდაჭერას.

„მნიშვნელოვანი იყო, ელჩს ჰქონოდა ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის შესახებ, იმ წარმატებებსა და გამოწვევებზე, რა სიტუაციაც არის დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში. ასევე, ვისაუბრეთ ინსტიტუციის გაძლიერებასა და იმ მნიშვნელოვან ქვაკუთხედზე, რასაც ჰქვია საზოგადოებრივი მაუწყებლის არსი და როგორი უნდა იყოს ის, რა საფეხურებს გავდივართ ახლა. ვისაუბრეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობაზე, როგორ უნდა შევინარჩუნოთ ეს დამოუკიდებლობა, ბუნებრივია, სამომავლო თანამშრომლობასა და მხარდაჭერაზე. ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რასაც შევეხეთ ამ შეხვედრაზე“, – განაცხადა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძემ.

საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ ხაზი გაუსვა ყველა ქვეყანაში დამოუკიდებელი მაუწყებლის მნიშვნელობას.

მისივე თქმით, ცნობიერების და სახელმწიფოებრიობის განცდის გაძლიერება არის ის, რაც აუცილებელია და საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს განსაკუთრებული როლი ამ მიმართულებით.

„მქონდა კარგი შესაძლებლობა, შევხვედროდი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელს, ქალბატონ ფუტკარაძეს. ნება მიბოძეთ, ხაზი გავუსვა დამოუკიდებელი მაუწყებლის მნიშვნელობას ყველა და თითოეულ ქვეყანაში, ყველა და თითოეულ საზოგადოებაში, რადგან ცნობიერების და სახელმწიფოებრიობის განცდის გაძლიერება არის ის, რაც აუცილებელია. ნებისმიერ ქვეყანაში, მაგალითად, ლიეტუვაში და საქართველოში, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს უკიდურესად განსაკუთრებული როლი ამ მიმართულებით. ნება მიბოძეთ, საზოგადოებრივ მაუწყებელს ვუსურვო, იყოს აქტიური, იყოს ამბიციური. ამ ენერგიამ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის და მოსახლეობის პერსპექტივას, რაც სამომავლოდ გააძლიერებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას“, – განაცხადა საქართველოში ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ.

დღესვე, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე და საბჭოს წევრი ბელა ოსიპოვა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს რან გიდორს შეხვდნენ.