სამეურვეო საბჭომ პირველი არხის გენერალურ დირექტორს სესხის გაფორმებაზე თანხმობა მისცა
სამეურვეო საბჭომ პირველი არხის გენერალურ დირექტორს სესხის გაფორმებაზე თანხმობა მისცა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ პირველი არხის გენერალურ დირექტორს ერთხმად მისცა თანხმობა, გააფორმოს ბანკთან შეთანხმება 45-მილიონიანი სესხის ძირითად პარამეტრებზე.

თანხა, რომელსაც პირველი არხი მაქსიმუმ ექვსი წლის ვადით აიღებს, არხის ტექნიკური გადაიარაღებას მოხმარდება.

სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე პირველი არხის წარმოების ტექნიკური უზრუნველყოფის დირექტორმა გოჩა ქუმსიაშვილმა ტელევიზიის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც მაუწყებელს მოძველებული ტექნიკის გამო ექმნება.

საბანკო ვალდებულებების აღებას სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

როგორც კენჭისყრის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფუტკარაძემ აღნიშნა, სამეურვეო საბჭოს ერთსულოვნება ნიშნავს, რომ სამეურვეო საბჭო და მენეჯმენტი თანხდებიან, რომ პირველ არხს სჭირდება ახალი შენობა და ახალი ტექნიკა.

სხდომას სამეურვეო საბჭოს ცხრა წევრიდან მხოლოდ ერთი, ზაზა შათირიშვილი არ ესწრებოდა.