საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ თანხების აუთვისებლობაზე საუბარი აბსურდულია
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ თანხების აუთვისებლობაზე საუბარი აბსურდულია

საზოგადოებრივი მაუწყებელი ეხმიანება საქართველოს პარლამენტში მაუწყებლის ანგარიშის განხილვის შემდეგ ორგანიზაციის დაფინანსების თაობაზე რიგი დეპუტატების მიერ გაკეთებულ კომენტარებს, რასაც მაუწყებელი განიხილავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და თავისუფალ მედიაზე ზემოქმედების მცდელობად.

ახლა, როდესაც საქართველოს პირველი არხი ძლიერდება სანდო, წამყვან, მიუკერძოებელ მედიასაშუალებად, ბიუჯეტის შემცირების მუქარა აღქმულია დამოუკიდებელი ინსტიტუციის დასუსტების შესაძლებლობად. საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ევროპული იდეა და ინსტიტუცია, დემოკრატიული საზოგადოებისა და სახელმწიფოს ქვაკუთხედია, ძლიერი და დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი კი ძლიერ და გამართულ დემოკრატიულ საზოგადოებას ნიშნავს. სწორედ ამ ღირებულებების გარშემო აერთიანებს ევროპის მაუწყებელთა კავშირი თავის წევრებს, მათ შორის საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს.

უპირველესად, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს და მის წევრებს კარგად უნდა ესმოდეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობისა და მისი ბიუჯეტის ფორმირების, ხარჯვის პრინციპები. 2018 წელს მაუწყებლობის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწორედ მაუწყებლის დაფინანსების პრინციპს და მის ფინანსურ დამოუკიდებლობას ეხებოდა. 2019 წლიდან მაუწყებელს მიეცა შესაძლებლობა, მოეხდინა გაუხარჯავი სახსრების აკუმულირება, რაც იყო და არის უმნიშვნელოვანესი ბერკეტი მაუწყებლის სრული ინფრასტრუქტურული განახლების პროცესში. საზოგადოებრივ მაუწყებელს დამტკიცებული აქვს 45 მილიონი ლარის სესხი და მიმდინარეობს მისი დაფარვა, სრულდება მაუწყებლის ტექნიკური გადაიარაღება და აქტიურად მიმდინარეობს ახალი შენობის მშენებლობა. აღსანიშნავია, რომ მაუწყებელი 2021 წელს შეხვდა გაზრდილი ვალდებულებებით. სწორედ ამ ვალდებულებების გასამკლავებლად დაიზოგა სახსრები 2020 წელს და ამ პირობებში თანხების აუთვისებლობაზე საუბარი აბსურდულია და ის აღქმულია  დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობად, ან საკითხის არასაკმარის ცოდნად. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ 2020 წელს ადგილი ჰქონდა არა სახსრების აუთვისებლობას, არამედ მობილიზებას საინვესტიციო მიმართულებით. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია სწორედ კოვიდპანდემიის ფონზე, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკა უმძიმეს პირობებში ჩააყენა, ვინაიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება მიბმულია მთლიან შიდა პროდუქტზე, უკვე 2020 წელს ნათელი იყო, რომ მაუწყებლის მომავალი წლის ბიუჯეტი შემცირდებოდა, ან უკეთეს შემთხვევაში, უცვლელი დარჩებოდა. ამიტომ მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, მოეხდინა ხარჯების ოპტიმიზაცია, შეემცირებინა გარკვეული მიმართულებებით დაფინანსება და ფინანსური რესურსი შეენახა 2021 წლისთვის, რათა დაწყებული უმნიშვნელოვანესი პროექტი – ახალი ტელეცენტრის მშენებლობა – არ დამდგარიყო საფრთხის წინაშე.

საქართველოს პირველი არხის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტად კანონმდებელმა განსაზღვრა მისი დაფინანსების ფორმა, რომელიც არ არის დამოკიდებული რომელიღაც პოლიტიკური ჯგუფის გადაწყვეტილებაზე. დაფინანსების სტაბილურობა და უსაფრთხოება უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლობის, როგორც ინსტიტუციის, დამოუკიდებლობას და სხვადასხვა გავლენისგან თავისუფლებას, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ის არ ექვემდებარება არც ერთ უწყებას და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საზოგადოების წინაშე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნისთვის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხარჯები არის გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და დაინტერესებული პირისთვის, ვებპორტალზე 1tv.ge.

საქართველოს პირველი არხი მიმართავს ყველა პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციას, ევროპის მაუწყებელთა კავშირს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მედია, როგორც დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური ინსტრუმენტი, არ დაუშვას მედიაზე ზემოქმედების ღია და შემაშფოთებელი გზავნილები. საზოგადოებრივი მედია ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე და ეს ანგარიშვალდებულება არ უნდა იყოს პოლიტიკური ძალებისთვის მანიპულირების საშუალება.