საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სტრუქტურა დღეიდან შევიდა ძალაში
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სტრუქტურა დღეიდან შევიდა ძალაში

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა მაუწყებლის ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა წარადგინა, რომელიც დღეიდან შევიდა ძალაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურაში ოთხი ბლოკია: ახალი და მიმდინარე ამბები, მედია, ტექნიკა და ტექნოლოგიები, ფინანსები და ადმინისტრაცია.

ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი, რომელსაც გიორგი გვიმრაძე ხელმძღვანელობს, უზრუნველყოფს მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკის რეალიზებას. კერძოდ, საზოგადოების ობიექტურ ინფორმირებას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და სხვ.

გიორგი გვიმრაძე – ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი

გიორგი გვიმრაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრიატი და მაგისტრატურა (სადიპლომო ნაშრომი თემაზე: „საქართველოს ადგილი და როლი თანამედროვე გლობალიზაციის პროცესში”); არის ქართულ-რუსული, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგის პროცესების მონაწილე.

2015 წლის ოქტომბრიდან არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს კონსულტანტი; არის სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის (ინსტიტუტის) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს კონსულტანტი; მუშაობდა ასევე გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ანალიტიკოსად;

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა მედიის ბლოკის ხელმძღვანელად რუსუდან მანჯგალაძე წარადგინა. მედიის ბლოკი მაუწყებლის სტრუქტურული ერთეულია, რომელშიც ერთიანდება პირველი არხი, ტელესკოლა, რადიო 1, რადიო 2, ტელეფილმები, მზა პროდუქციის შესყიდვისა და თარგმნა/გახმოვანების სამსახური, არქივი. მედიის ბლოკი უზრუნველყოფს პროგრამული პრიორიტეტების, მაუწყებლის სტრატეგიისა და სამაუწყებლო პოლიტიკის, ასევე კვლევების საფუძველზე, სამაუწყებლო ბადის მომზადებასა და დასამტკიცებლად წარდგენას.

რუსუდან მანჯგალაძე – მედიის ბლოკის დირექტორი

რუსუდან მანჯგალაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერებათა მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე – „კულტურა მედიაში“, მედიისა და კომუნიკაციების დოქტორანტურაში.

რუსუდან მანჯგალაძე ამ დრომდე საზოგადოებრივი საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო არხებს ხელმძღვანელობდა. მანამდე იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გენერალური პროდიუსერი. ჟურნალისტური საქმიანობა დაიწყო 1999 წელს გადაცემა „ალიონში“, უშტატო კორესპონდენტად. წლების განმავლობაში მუშაობდა ჟურნალისტად, წამყვანად და პროდიუსერად საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა გადაცემაში. 2005-2008 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „იმედში“.

ტექნიკისა და ტექნოლოგიის ბლოკი, რომელსაც გიორგი (გოჩა) ქუმსიაშვილი ხელმძღვანელობს, უზრუნველყოფს მაუწყებლის ტექნიკურ და ტექნოლოგიურ ფუნქციონირებას, ასევე ახორციელებს გადაცემების/პროექტების მომზადების და შესაბამისად, ეთერში გაშვების მიზნით, მათ ტექნიკურ/ინფრასტრუქტურულ და შესაბამისი ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფას და სხვ.

გიორგი (გოჩა) ქუმსიაშვილი – ტექნიკისა და ტექნოლოგიის ბლოკი

გიორგი (გოჩა) ქუმსიაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.

2018 წლიდან არის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის დირექტორი; იყო სილქმედია (GMG TV) ტექნიკური დირექტორი, სამუაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ტექნიკური დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მეცნიერი-მუშაკი და სხვა.

ფინანსებისა და ადმინისტრაციის ბლოკი, რომელსაც ნოდარ ჭიჭინაძე ხელმძღვანელობს, უზრუნველყოფს მაუწყებლის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას შემდგომი დამტკიცების მიზნით, ბიუჯეტის შესრულების კონტროლს, მონიტორინგსა და ანალიზს, ფინანსური ოპერაციების აღრიცხვასა და ანგარიშგებას; ფინანსური რესურსების მაქსიმალურად ოპტიმალურ მართვას და სხვ.

ნოდარ ჭიჭინაძე – ფინანსებისა და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორი

ნოდარ ჭიჭინაძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ხარისხი – MBA ფინანსებში.

იყო თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, ტელეკომპანია GDS-ის ფინანსური კონსულტანტი, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტი, ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოს წევრი და სხვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზაციული სტრუქტურის სრულად ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.