საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის კანდიდატურის შესარჩევად ღია კონკურსი გამოცხადდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის კანდიდატურის შესარჩევად ღია კონკურსი გამოცხადდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის – მრჩევლის კანდიდატურის შესარჩევი ღია კონკურსი გამოცხადდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის განკარგულების თანახმად, ღია კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის პირს, რომელსაც ​მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული დიპლომი აქვს. მას მოეთხოვება 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება, საიდანაც – 5 წელი უნდა ჰქონდეს ნამუშევარი ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებების დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან სამეცნიერო პედაგოგიურ სფეროში.

განაცხადები 27 სექტემბრის ჩათვლით მიიღება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განვითარების კონცეფცია უნდა წარადგინონ. წევრს აჭარის უმაღლესი საბჭო დაამტკიცებს.

აჭარის ტელევიზიის ხუთწევრიანი სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიცია ზაზა ხალვაშის საბჭოდან წასვლის შემდეგ არის ვაკანტური.