საზოგადოებრივი მაუწყებელი შშმ პირთა მხარდასაჭერად ახალ პროექტს იწყებს

საზოგადოებრივი მაუწყებელი შშმ პირთა მხარდასაჭერად ახალ პროექტს იწყებს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პირველ არხში დღეს პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენცია გამართეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა და პროექტის ჯგუფის წევრებმა.

როგორც პრესკონფერენციაზე განაცხადეს, შეიქმნება მედია გზამკვლევი, რომელიც მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა საკითხების გაშუქების, კომუნიკაციისა და ქცევის გაიდლაინს. დოკუმენტი დაფუძნებული იქნება კვლევაზე, პროფესიულ ლიტერატურაზე და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე. გზამკვლევის პრეზენტაცია სექტემბერში შედგება.

„ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი იწყებს და მისი მისიის ნაწილია. ეს პროექტი არის შშმ პირების დასახმარებლად, რეალურად, მთელი საზოგადოების დასახმარებლად იქმნება გაიდლაინი, სახელმძღვანელო, რომელიც მედიის წარმომადგენლებისთვის იქნება უფრო მეტად ფოკუსირებული. ეს იქნება საერთაშორისო პრაქტიკაზე და გამოცდილებაზე დაყრდნობილი დოკუმენტი, რომელსაც ჩვენთან ერთად შექმნიან პროფესიონალები. იმედი გვაქვს, სექტემბერში გზამკვლევის ნაწილი მზად გვექნება.

დაგეგმილი გვაქვს ტრენინგები ჟურნალისტებისთვის, ოპერატორებისთვის და პროდიუსერებისთვის, რომლებიც პრაქტიკულ სამუშაოებს გაივლიან როგორ უნდა გამოიყენონ გაიდლაინი. ტრენინგებს ჩაატარებენ შშმ პირებიც.

ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ბოლო წლებში, ინკლუზიური საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობისკენ გადადგმული ნაბიჯებისა და მცდელობების მიუხედავად, შშმ ადამიანები კვლავ რჩებიან ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფად და აწყდებიან გადაულახავ დაბრკოლებებს თავიანთი უფლებების რეალიზაციისას.

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის პრიორიტეტია ყველა ჯგუფს და ინდივიდს მიწვდეს, იქნება ეს უშუალოდ მათთვის მნიშვნელოვანი პროდუქტის მიწოდება თუ თავად მათი ჩართულობით პროექტების განხორციელება, რაც მთავარია, საქმიანობის მაღალი სტანდარტის დანერგვა და პოპულარიზაცია. შესაბამისად, ვფიქრობ, ამ დოკუმენტის შექმნა ძალიან სასარგებლო იქნება, პირველ რიგში, მაუწყებლის მიერ ამ მიმართულებით სტანდარტის ამაღლებაში, ამასთანავე, ჩვენი მიზანია, ეს კომპეტენცია მხოლოდ ჩვენს ორგანიზაციაში არ დარჩეს და ის ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას გავუზიაროთ“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

როგორც პროექტის ჯგუფის წევრი გია ჯვარშეიშვილი აცხადებს, მისასალმებელია, რომ ამ პროექტს სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელი იწყებს.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ხშირად ყველაზე მრავალრიცხოვან უმცირესობად მოიხსენიებენ – ეს ჯგუფი ხომ მსოფლიო მოსახლეობის 10 პროცენტზე მეტს შეადგენს. ამდენად, როცა შშმ ადამიანთა მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ვსაუბრობთ ყოველი მეშვიდე ჩვენგანის დარღვეულ, უგულებელყოფილ ფუნდამენტურ უფლებებზე.

თანასწორობის იდეის განხორციელების პროცესში არსებითად მნიშვნელოვანია მედიის როლი. სწორედ მედიის წარმომადგენლებს მართებთ უდიდესი პასუხისმგებლობა, წვლილი შეიტანონ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში, შეცვალონ მცდარი სტერეოტიპები, გაავრცელონ ზუსტი, ადამიანის უფლებების ხედვაზე დაფუძნებული ინფორმაცია, საქართველოში შშმ პირთა სირთულეები გააშუქონ ამ პრობლემის მასშტაბის ადეკვატურად, დაუპირისპირდნენ სეგრეგაციის ტენდენციებს და ხელი შეუწყონ შშმ პირების ღირსეულ, სრულფასოვან ჩართულობას ნებისმიერ საზოგადოებრივ პროცესში.

ლოგიკური და მისასალმებელია, რომ ამ პროექტს სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელი იწყებს. თანამშრომლობის შედეგად შექმნილი პროდუქტი ნემისმიერ მედიასაშუალებას შესთავაზებს შეზღუდული შესაძლებლობის სფეროში ზუსტ, სასარგებლო გზამკვლევს და მისცემს საშუალებას, სწორი პრინციპებით იხელმძღვანელოს თემაზე მუშაობისას“, – განაცხადა პროექტის ჯგუფის წევრმა, გია ჯვარშეიშვილმა.

გზამკვლევის პრეზენტაციის შემდეგ დაგეგმილია ტრენინგები, რომლებიც შექმნილი დოკუმენტის პრაქტიკაში დანერგვას ისახავს მიზნად.