„საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების სამსახურში“ - თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტის ნაშრომი „პირველი არხი - სცენის“ შესახებ
„საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების სამსახურში“ - თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტის ნაშრომი „პირველი არხი - სცენის“ შესახებ

საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ ხალხის სამსახურში რჩება და ქმნის სივრცეს, სადაც ხელოვანები იკრიბებიან, – ასეთია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის – ტელე-რადიო ჟურნალისტიკის პირველი კურსის სტუდენტის, თიკუნა დოლიძის შეფასება „პირველი არხი – სცენის“ შესახებ.

კოვიდვითარების გამო აპლოდისმენტების გარეშე დარჩენილი არტისტები – ეს არის პრობლემა, რომლითაც თიკუნა დოლიძე დაინტერესდა.

„იმისმა შიშმა, რომ საყვარელ ადამიანებს შეიძლება, შევუქმნათ საფრთხე, გვაიძულა, გვეთქვა უარი ყველაფერზე. პანდემიამ, ხალხის სიცოცხლესთან ერთად, წაგვართვა იმედი, წაგვართვა სოციალური ურთიერთობები, გართობის შესაძლებლობა, სამსახური, წაგვართვა ხალხისთვის და ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი – კულტურა. რა არის ქვეყანა კულტურის გარეშე?!“ – აღნიშნავს თიკუნა დოლიძე.

ის ამბობს, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად შეიქმნა სწორედ „პირველი არხი – სცენა“. ხელოვნების ყველა მიმართულება ერთ სივრცეში – მუსიკა, თეატრი, კინო, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფია, სახვითი ხელოვნება.

„მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალი დასწრება უკეთესი შეგრძნების მომტანია, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მაინც აქტიურადაა დაინტერესებული საქართველოს პირველი არხის მედიაპლატფორმით“, – ამბობს თიკუნა დოლიძე.

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტმა თიკუნა დოლიძემ პროექტზე – „პირველი არხი – სცენა“ მოამზადა პრეზენტაცია სახელწოდებით – „საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების სამსახურში“.

როგორც საქართველოს პირველ არხთან საუბრისას თიკუნა დოლიძემ აღნიშნა, პანდემიის პირობებში, მაუწყებელმა ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე შესთავაზა საზოგადოებას, რითაც კულტურის გადარჩენის მისია იკისრა. სტუდენტის თქმით, სწორედ ამიტომ დაინტერესდა „პირველი არხი – სცენით“.

„ერთგვარი ილუზიის მომენტიც ექმნება გონებას და სახლში ჩვეული ფორმით ჯდომას ენაცვლება „გამოპრანჭვა“, როგორც იმ დროს, როცა თეატრებში, კონცერტებზე, მუზეუმებსა თუ სხვა ღონისძიებებზე დავდივართ“, – აღნიშნულია პრეზენტაციაში.

თიკუნა დოლიძე ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ონლაინსივრცეში სთავაზობს მაყურებელს ალტერნატივას, რომელიც ერთი მხრივ, უკვე არსებული აუდიტორიის შენარჩუნებაში ეხმარება, მეორე მხრივ კი, საშუალებას აძლევს, მოიზიდოს სრულიად ახალი სეგმენტი. სტუდენტის შეფასებით, საქართველოს პირველი არხი თავისი ახალი პროექტით, მომხმარებელს ერთ სივრცეში სთავაზობს ქართული კულტურის არქივს, ახალი სახეების აღმოჩენას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

„მსოფლიოში ამ თემაზე შემუშავებული პროექტებიდან საქართველოს პირველი არხის პროექტი სრულფასოვან სივრცეს გვთავაზობს, სადაც ვირტუალური ბილეთებით შეგვიძლია, ხელოვნების სფერო გავხადოთ ხელმისაწვდომი და ამ პანდემიის ჟამს, როცა ყველაზე მეტად ზარალდება ხელოვნების სექტორი, მივცეთ წინსვლა. ეს, როგორც კონკრეტული ინდივიდებს წაადგებათ, ასევე კულტურის წინსვლას მიეცემა საშუალება, რაც მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელს უწვდის ხელოვნების სფეროს და თავის კალთას აფარებს, ვიდრე სიტუაცია არ ჩაწყნარდება. სიტუაციის ჩაწყნარების შემდეგ კი, პლატფორმა აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ქართული კულტურის ხალხისთვის გასაცნობად“, – აღნიშნულია პრეზენტაციაში.

თიკუნა დოლიძე ამბობს, რომ პრეზენტაციის წარდგენა მოხდა ონლაინფორმატში და დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. როგორც ის აღნიშნავს, პრეზენტაციას დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა და ასევე, იყო შემეცნებითი ხასიათის.

დატოვე კომენტარი