საზოგადოებრივ მაუწყებელსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოებრივ მაუწყებელსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საზოგადოებრივ მაუწყებელსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს მოეწერა ხელი.

მემორანდუმის თანახმად, საქართველოს პირველი არხი თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან აქტიურად ითანამშრომლებს კვალიფიციური ტელე-რადიო სპეციალისტების მომზადებისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიმართულებით, რაც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის სწავლის მოტივაციის გაზრდას.

„ვგეგმავთ აქტიურ თანამშრომლობას უმაღლეს სასწავლებლებთან. დღეს გავაფორმეთ მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. უახლოეს მომავალში მედიის მიმართულებით სტუდენტებს სხვადასხვა საერთაშორისო ტრენინგებში ჩართვის ძალიან კარგ შესაძლებლობებს შევთავაზებთ. ეს ეხება, როგორც საჯარო, ასევე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

თსუ-ს რექტორის, გიორგი შარვაშიძის თქმით, პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება წარმატებული იქნება მათი სტუდენტებისთვის.

„პირველი უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, აიმაღლონ კვალიფიკაცია საქართველოს პირველ არხზე, უფრო დაუახლოვდნენ საკუთარ მომავალ პროფესიას, მონაწილეობა მიიღონ სემინარებში, საერთაშორისო ტრენინგებში“, – აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.