საზოგადოებრივ მაუწყებელსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოებრივ მაუწყებელსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საზოგადოებრივ მაუწყებელსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პირველი არხი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან თანამშრომლობს მემორანდუმის საფუძველზე, რომლის ფარგლებშიც მედიის მიმართულების სტუდენტებს საინტერესო გამოცდილებას და მრავალფეროვან აქტივობებში ჩართვას სთავაზობს.

„საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის პრიორიტეტია ახალგაზრდების დაინტერესება მედიის სფეროთი, მათთვის იმ პერსპექტივის ჩვენება, რომელიც შესაძლებლობებით სავსე ამ თანამედროვე სივრცეს აქვს. ამ თვალსაზრისით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას, რომელთა სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, პირველი არხისა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ დაფუძნებული EBU-ს რეგიონული აკადემიის ბაზაზე ჩატარებულ ტრენინგებსა და სემინარებში მიიღონ მონაწილეობა, რაც საუკეთესო შესაძლებლობაა საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და გაზიარებისთვის. წლევანდელი წლისთვის ეს იქნება ბოლო უნივერსიტეტი, რომელთანაც მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს, რაც გულისხმობს ფართო თანამშრომლობას, პირველ რიგში, სტაჟიორების მიღებას საზოგადოებრივ მაუწყებელში, ონლაინკურსების შეთავაზებას, პროფესიონალური უნარ-ჩვევების ზრდას და პრაქტიკაში გადატანას, რაც, ვფიქრობ, ჩვენი ახალი თაობისთვის, ისევე, როგორც ჩვენი ორგანიზაციისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, საფფეთ ბაირაქთუთანის თქმით, დღეს გაფორმებული მემორანდუმი სტუდენტებისთვის კარგი შესაძლებლობაა უნარების განსავითარებლად.

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის დღეს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ეს მემორანდუმი ჩვენი ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა თავიანთი უნარების განვითარებისა და მომავალში პროფესიონალებად ჩამოყალიბებისთვის. ეს უნიკალური შანსი იქნება. ადრე გვქონდა სხვადასხვა სახით ურთიერთობები, მაგრამ დღეიდან მომავალი სასწავლო სემესტრისთვისაც გვექნება შესაძლებლობა, ჩვენმა სტუდენტებმა სტაჟირება გაიარონ მაუწყებელში“, – აღნიშნა საფფეთ ბაირაქთუთანმა.

მემორანდუმის ხელმოწერას შავი ზღვის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებიც დაესწრნენ, რომლებმაც შემდგომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიები დაათვალიერეს.

დატოვე კომენტარი